იუსტიცის სახლი - 2011 წლის საუკეთესო ახალი ბრენდი

თარიღი: 22 დეკემბერი 2011

იუსტიციის სახლი წლის საუკეთესო ქართული ბრენდის პრიზის მფლობელი გახდა. საუკეთესო კომპანიებისის დაჯილდოვების რიგით მე-9 ცერემონიალი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო  ,,პროფილის" ორგანიზებით, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში" გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ  სტუმრები საქართველოდან და უცხოეთიდან - სახელმწიფო სტრუქტურებისა და ბიზნესის  წარმომადგენლები, დიპლომატები და ჟურნალისტები.

სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესო კომპანიების გამოსავლენად ეკონომიკის, პიარის, მარკეტინგისა და რეკლამის ექსპერტებმა  ქართული ბაზარი შეისწავლეს და არაერთი კველვა ჩაატარეს. თუმცა, საკუთარი აზრის გამოთქმის შესაძლებლობა საქართველოს ყველა მოქალაქეს მიეცა - საინფორმაციო ანალიტიკურ ინტერნეტპორტალზე www.georgianbrand.ge ნებისმიერ მსურველს შეეძლო,  გასცნობოდა კომპანიების რეიტინგს და  მონაწილეობა მიეღო ხმის მიცემის პროცედურაში.

გამარჯვებული რამდენიმე ნომინაციაში გამოვლინდა, მათ შორის:  „წარმატებული ახალი ბრენდი", „ლიდერი", „რეპუტაცია და ნდობა", „წარმატებული პროექტები", „წარმატებული ტელეპროექტი", „ბრენდპერსონა."

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ახალი პროექტი - იუსტიციის სახლი წლის საუკეთესო ახალი ბრენდის ნომინაციის გამარჯვებული გახდა. ჯილდო იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილეს თინა ბურჯალიანს გადაეცა.

იუსტიციის სახლი  იუსტიციის სამინისტროს სერვისების სრულიად ახალი კონცეფციის მქონე საჯარო დაწესებულებაა, სადაც სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული არქივის,  აღსრულების ეროვნული ბიუროს, ნოტარიუსთა პალატის სერვისები არა მექანიკურად, არამედ - იდეურად და სისტემურად არის გაერთიანული. მყუდრო, სასიამოვნო და კომფორტული გარემო, მაღალკვალიფიციური, კომპეტენტური და კეთილგანწყობილი თანამშრომლები მომხმარებელთა თავაზიან, სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას უზრუნველყოფენ.      

საქართველოში პირველი იუსტიციის სახლი ბათუმში, 2011 წლის 26 მაისს გაიხსნა. დღეს-დღეობით იუსტიციის სახლები ფუნქციონირებს რუსთავში, მესტიასა და ქუთაისში. ეტაპობრივად იუსტიციის სახლები საქართველოს ყველა რეგიონში ამოქმედდება, მათგან ყველაზე გრანდიოზულის - თბილისის იუსტიციის სახლის გახსნა 2012 წელს იგეგმება.