ეროვნულმა არქივმა ''საეკლესიო მოხატული ხელნაწერი წიგნები'' გამოსცა

თარიღი: 21 დეკემბერი 2011

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივში დღეს ახალი გამოცემის "საეკლესიო მოხატული ხელნაწერი წიგნები" პრეზენტაცია და ხელნაწერების გამოფენა გაიმართა. ღონისძიება ეროვნული არქივის გენერალური დირექტორმა თეონა იაშვილმა გახსნა.

წიგნში წარმოდგენილია საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული სასულიერო შინაარსის 22 მოხატული ხელნაწერის 67 ილუსტრაცია. "საეკლესიო მოხატული ხელნაწერი წიგნების" რედაქტორ-შემდგენელი ეროვნული არქივის ძველ საბუთთა განყოფილების უფროსი მანანა ჭუმბურიძეა, კონსულტანტი კი - ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ზაზა სხირტლაძე.

"სასულიერო ხასიათის ილუსტრირებული ხელნაწერები არა მხოლოდ რელიგიურ და ისტორიულ მნიშვნელობას ატარებს, არამედ საინტერესოა თავისი მხატვრული ღირებულებითაც. ეროვნულ არქივში დაცულ IX-XIX საუკუნეების ხელნაწერების მინიატურებსა და გრაფიკულად გაფორმებულ ტექსტებს ერთ კატალოგში მოვუყარეთ თავი", - აღნიშნა თეონა იაშვილმა.

გამოცემის მნიშვნელობაზე პრეზენტაციისას ისაუბრეს ზაზა სხირტლაძემ, მანანა ჭუმბურიძემ და მამა მიქაელ ბოტკოველმა.

მანანა ჭუმბურიძის ინფორმაციით, გამოცემაზე მუშაობის პროცესში დაზუსტდა გიორგი მთაწმინდელის მიერ ნათარგმნი ოთხთავის გადაწერის თარიღი, რომელიც მიჩნეული იყო, როგორც XIV საუკუნის ხელნაწერი. სპეციალისტთა დასკვნით, ხელნაწერი გაცილებით ადრე, XI_XII საუკუნეებშია გადაწერილი.  

ეროვნულ არქივში დაცული ყველაზე ადრეული, IX საუკუნის ხელნაწერი, გრაფიკულად შესრულებული გოლგოთის ჯვრით არის შემკული.

სასულიერო შინაარსიის მოხატული ხელნაწერები შექმნილია როგორც მაღალი პროფესიული ოსტატობით გამორჩეული კალიგრაფთა და მინიატურისტთა, ისე ხალხური თვითნასწავლი მხატვრების მიერ. ხალხური შემოქმედების საუკეთესო მაგალითია XVII  საუკუნის ლექსად თქმული წმინდა გიორგის ცხოვრება, რომელიც უხვადაა შემკული ხალხური მხატვრული წრიდან მომდინარე  მინიატურებით.

განსაკუთრებით აღსანიშნავია XVI საუკუნის გულანი, რომელსაც მაღალმხატვრულად შესრულებული 12 სადღესასწაულო მინიატურა ამშვენებს.