2008 წლის აგვისტოს რუსული აგრესიის შესახებ საქართველოს განაცხადი ევროპულმა სასამართლომ დაშვებულად გამოაცხადა

თარიღი: 19 დეკემბერი 2011

2011 წლის 19 დეკემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმე "საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ" (II) (განაცხადი №32863/08) დაშვებულად გამოაცხადა.

განაცხადი ეხება 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებებისა და შემდგომი ოკუპაციის დროს უშუალოდ რუსი სამხედრო მოსამსახურეებისა და მარიონეტული რეჟიმის შეიარაღებული ფორმირებების წევრების მიერ რუსეთის ფედერაციის ეფექტური კონტროლის ქვეშ არსებულ ტერიტორიაზე ჩადენილ კონვენციის დარღვევებს.

უფრო კონკრეტულად, განაცხადი შეეხება კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა), მე-5 (თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება), მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება) მე-13 (სამართლიანი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება) მუხლების, პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის (საკუთრების უფლება), პირველი დამატებითი ოქმის მეორე მუხლისა (განათლების უფლება) და მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის (გადაადგილების თავისუფლება) დარღვევებს.

საქართველოს მთავრობის მოთხოვნის საფუძველზე, 2008 წლის 12 აგვისტოს, სასამართლომ მიუთითა დროებითი ღონისძიება და რეგლამენტის 39-ე წესის შესაბამისად მხარეებს მოუწოდა კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისკენ.  საქართველოს მთავრობამ განაცხადი სრული ფორმით 2009 წლის 6 თებერვალს, ხოლო დამატებითი მასალები 2010 წლის 10 მარტსა და 2011 წლის 13 ივნისს წარადგინა.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აღნიშნული საქმის დასაშვებობის საკითხებზე ზეპირი განხილვა შედგა 2011 წლის 22 სექტემბერს.

საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი მასალებისა და აღნიშნულ საქმეზე 2011 წლის 22 სექტემბერს გამართული ზეპირი განხილვის შედეგად ევროპულმა სასამართლომ აღნიშული საქმე დაშვებულად გამოაცხადა.