იუსტიციის სამინისტრომ საქველმოქმედო აქცია გამართა

თარიღი: 18 დეკემბერი 2011

2011 წლის  18 დეკემბერს, შარდენზე იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით საქველმოქმედო აქცია გაიმართა. მზრუნველობამოკლებული ბავშვების მხარდასაჭერად  პროკურატურის, საჯარო და სამოქალაქო რეესტრების, აღსრულების ეროვნული ბიუროს, ნოტარიუსთა პალატის, ეროვნული არქივის, იუსტიციის სასწავლო ცენტრის, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს, საკანონმდებლო მაცნეს თანამშრომლები გაერთიანდნენ.

შარდენზე შეკრებილებს აქციის მონაწილეებმა მრავალფეროვანი სანახაობა შესთავაზეს. საბავშვო კონცერტი სტუდია ,,ენკი-ბენკიმ" გამართა, თეატრალური წარმოდგენა კი პატარებს თოჯინების თეატრმა შესთავაზა. საქველმოქმედო აქციაზე გაიმართა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ჩატარდა აუქციონი, რომელზედაც გურამ დოჩანაშვილის წიგნი მწერლის ავტოგრაფით გაიყიდა,   საგამომცემლო სახლებმა - ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ, მაღაზიათა ქსელმა „ლიბრამ" და გამომცემლობა „ელფმა" საბავშვო ლიტერატურის ნიმუშები გამოიტანეს.

სპეციალურად დღევანდელი საქველმოქმედო აქციისათვის გუშინ, იუსტიციის სამინისტრომ მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს უმასპინძლა. 25 მოზარდმა სასწავლო ცენტრში თანატოლების დახმარებით ხელთნაკეთი ნივთები დაამზადეს, რომლებიც დღეს, გამოფენა-გაყიდვაზე იყო წარმოდგენილი.

ღონისძიებიდან შემოსული თანხები ქველმოქმედებას მოხმარდება.

მსგავსი ღონისძიება იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით 17 აპრილსაც გაიმართა. საქველმოქმედო აქცია „ჩვენ ერთი სახლი გვაქვს" ცნობილი ქართველი მომღერლების, ილუზიონისტების, მოძრაობის თეატრის მსახიობების, სატელევიზიო პროექტ "ნიჭიერის" კონკურსანტების, ახალგაზრდა მხატვრებისა და პოეტების, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტების მონაწილეობით შარდენზე ჩატარდა. შეგროვილი თანხით, რომელმაც  7000 ლარი შეადგინა, იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებმაკომპიუტერები შეიძენს და თელავის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლს გადასცეს.