მზრუნველობამოკლებული ბავშვები იუსტიციის სამინისტროში

თარიღი: 17 დეკემბერი 2011

2011 წლის  17 დეკემბერს, იუსტიციის სამინისტრომ მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს უმასპინძლა. 25 მოზარდი სასწავლო ცენტრში თანატოლებს შეხვდა, რომლებმაც მათ ხელსაქმე - თიხაზე მუშაობის, ძერწვისა და ხატვის ძირითადი უნარ-ჩვევები განუმარტეს. ბავშვებმა თავიანთი შესაძლებლობები პრაქტიკულ მუშაობაშიც მოსინჯეს. რამდენიმე საათის მანძილზე ისინი, თანატოლების დახმარებით, საკუთარი ხელით ამზადებდნენ სხვადასხვა ნივთებს. მასწავლებლებლებიცა და მოსწავლეებიც ურთიერთთანამშრომლობით კმაყოფილები დარჩნენ და იმედი გამოთქვეს, რომ იუსტიციის სამინისტრო ასეთი ტიპის შეხვედრების ორგანიზებას მომავალშიც გააგრძელებს.

მთელი დღის ერთობლივი მუშაობის შედეგად შექმნილ ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა ხვალ, 18 დეკემბერს, შარდენზე გაიმართება. ხელნაკეთი ნივთების გარდა,  აქციაზე გამოიფინება ორგანიზატორების მიერ შეგროვილი ნაკეთობები, ნახატები, ფოტოები და  წიგნები.
ღონისძიებიდან შემოსული თანხები ქველმოქმედებას მოხმარდება.

მსგავსი ღონისძიება იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით 17 აპრილსაც გაიმართა. საქველმოქმედო აქცია „ჩვენ ერთი სახლი გვაქვს" ცნობილი ქართველი მომღერლების, ილუზიონისტების, მოძრაობის თეატრის მსახიობების, სატელევიზიო პროექტ "ნიჭიერის" კონკურსანტების, ახალგაზრდა მხატვრებისა და პოეტების, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტების მონაწილეობით შარდენზე ჩატარდა. შეგროვილი თანხით, რომელმაც  7000 ლარი შეადგინა, იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებმა კომპიუტერები შეიძენს და თელავის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლს გადასცეს.