დანაშაულის სოციოლოგიური კვლევის შედეგების პრეზენტაცია თავისუფალ უნივერსიტეტში

თარიღი: 14 დეკემბერი 2011

2011 წლის 14 დეკემბერს, თავისუფალ უნივერსიტეტში უცხოელმა ექსპერტმა დანაშაულისა და უსაფრთხოების კვლევის შედეგების პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიტებული საელჩოების წარმომადგენლები, უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ჟურნალისტები.

ვიქტიმიზაციის ხარისხის შესახებ მონაცემები და მათი შედარებითი ანალიზი  შეკრებილ აუდიტორიას ტილბურგის უნივერსიტეტის პროფესორმა, გაერთიანებული ერების (UN) ორგანიზაციის ვენის დანაშაულებათა და ნარკოტიკების ოფისის ყოფილმა დირექტორმა,  ვიქტიმოლოგმა იან ვან დაიკმა გააცნო.

პრეზენტაციაზე ჰოლანდიელმა ექსპერტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო დანაშაულის მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნიდან რამდენიმე წელიწადში ევროპის ყველაზე უსაფრთხო სახელმწიფოდ გარდაიქმნა. თბილისი კი  დასავლური სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო დედაქალაქი გახდა. მან აუდიტორიის ყურადღება გაამახვილა იმ საკითხზეც, რომ კლება  ყველა ტიპის დანაშაულზე გავრცელდა და გამოკითხულთა 72%-ის აზრით, მომდევნო 5 წლის განმავლობაში ეს ტენდენცია შენარჩუნდება.

პრეზენტაციაზე იან ვან დაიკიმა იმაზეც ისაუბრა, რომ დანაშაულის მსხვერპლთა საერთაშორისო კვლევის (ICVS) მონაწილე არცერთ სხვა ქვეყანაში არ დაფიქსირებულა დანაშაულის კლება იმ მასშტაბით, როგორც ეს საქართველოში  მოხდა. 

შეხვედრის ბოლოს ექსპერტმა აუდიტორიის კითხვებს უპასუხა.

დანაშაულისა და უსაფრთხოების კვლევა, იუსტიციის სამინისტროს ინიციატივითა და ევროკავშირის დაფინანსებით,  საქართველოში 2010 და 2011 წლებში ჩატარდა. მისი ტექნიკური ნაწილი კომპანია „გორბიმ" განახორციელა. რესპოდენტები შეირჩა მთელი საქართველოს მასშტაბით, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა. პირისპირ ინტერვიუირების მეთოდით თითოეულ წელიწადს გამოიკითხა 16 წლის და უფროსი ასაკის 3000 რესპოდენტი. საბოლოო ანალიზი კი  იან ვან დაიკმა და კრიმინოლოგიის პროფესორმა გიორგი ღლონტმა მოამზადეს.

ამ მონაცემების მიხედვით, უკანასკნელი ათი წლის მანძილზე ყველაზე მკვეთრად შემცირდა ავტომანქანის ქურდობის ფაქტები, მისი მაჩვენებელი 15,4-იდან  0,0-მდე დაეცა, დანაშაულის საფრთხის შეგრძნება აქვს საქართველოს მოქალაქეთა 7%-ს, რაც გაცილებით ნაკლებია, ვიდრე კანადის, დანიის, გერმანიის და შვედეთის ანალოგიური  მონაცემები.