აღსრულების ბიუროს სტაჟიორები საბაზისო მომზადების კურსს გადიან

თარიღი: 14 დეკემბერი 2011

იუსტიციის სასწავლო ცენტრში აღსრულების ბიუროს სტაჟიორები საბაზისო მომზადების კურსს გადიან. 900-მდე მსურველი კანდიდატიდან ღია კონკურსის წესით შერჩეული 75 სტაჟიორი ორკვირიან ტრეინინგებს დეკემბრის ბოლოს დაასრულებს.

სწავლების მიზანია სტაჟიორთა კვალიფიკაციის ამაღლება. ტრეინინგის მონაწილეები სწავლობენ ყველა იმ თეორიულ საკითხს, რაც უფრო ეფექტურს გახდის ექვსთვიან სტაჟირებას აღსრულების ბიუროში. გადამზადების კურსის მოდულით გათვალისწინებულია საკანონმდებლო ბაზის, სისტემაში მოქმედი ყველა ელექტრონული პროგრამის, ეფექტური მომსახურების სტანდარტებისა და სტატისტიკის წარმოების  შესწავლა.

კურსი ძირითადად ორიენტირებულია პრაქტიკული საქმიანობის საკითხებზე და შედგება განსხვავებული თემატიკისაგან, მათ შორისაა - აღსრულების სისტემა, მოვალეთა რეესტრი, აღსრულება მოძრავ ქონებაზე, კერძო აღმასრულებელი, სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირები, კანცელარიისა და საქმისწარმოების  ელექტრონული პროგრმები, ეფექტური კომუნიკაციისა და მომსახურების საკითხები და სხვ.