ნოტარიატის ახალი ელექტრონული სერვისი

თარიღი: 14 დეკემბერი 2011

ნოტარიატის ელექტრონულ სერვისებს კიდევ ერთი სიახლე შეემატა.  მოქალაქე სანოტარო მომსახურების საზღაურის გადახდის დამადასტურებელ  საბუთს გამარტივებული ფორმით მიიღებს.

აქამდე ნოტარიუსი მოქალაქეს სანოტარო მომსახურებაში მის მიერ გადახდილი საზღაურის შესახებ ანგარიშს სპეციალური ბლანკის სახით წარუდგენდა, რასაც მეტი დრო სჭირდებოდა; ამჟამად ელექტრონული პროგრამა ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტის ელექტრონულ რეესტრში დარეგისტრირებისთანავე ავტომატურად ადგენს და ბეჭდავს სანოტარო მომსახურების საზღაურის გადახდის დამადასტურებელ საბუთს - ინვოისს, სადაც დეტალურად არის გაწერილი მოქალაქის მიერ გადახდილი საზღაურის მიზნობრიობა და მითითებულია ნოტარიუსის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

„აღნიშნული სიახლე მოქალაქეს საშუალებას აძლევს, სანოტარო მომსახურების საზღაურის გადახდის დამადასტურებელი  საბუთი რამდენიმე წამში მიიღოს. ამასთან, ელექტრონული ინვოისი  წარმოადგენს საგადასახადო საქმისწარმოების გამარტივებულ ფორმას," - განაცხადა ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ ნინო ხოფერიამ.

მოქალაქეს მის მიერ სანოტარო მომსახურებაში გადახდილი საზღაურის დამადასტურებელი საბუთის მოძიება ნოტარიუსთა პალატის ვებგვერდზეც შეუძლია. ვებგვერდზე განთავსებული ბანერის „სანოტარო მოქმედებათა ელექტრონული რეესტრი" -ს  მეშვეობით, პროგრამაში შესაბამისი მონაცემების შეტანის შემდეგ, შესაძლებელია, როგორც სანოტარო აქტის, ასევე, ინვოისის მოძიება.