უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის დიზაინზე გამოცხადებული კონკურსი დასრულდა

თარიღი: 12 დეკემბერი 2011

12 დეკემბერს, მთავრობის კანცელარიის სხდომათა დარბაზში უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის დიზაინის პრეზენტაცია გაიმართა. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, მირზა (პაპუნა) დავითაიამ და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ვაშაძემ  კონკურსში გამარჯვებული ესკიზი წარმოადგინეს და მის ავტორს მამუკა გონგაძეს ჯილდო - 5000 ლარი გადასცეს.

უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის დიზაინზე კონკურსი 7 ნოემბერს გამოცხდდა. მასში მონაწილეობის მსურველებს საკუთარი ნამუშევრები 2011 წლის 1 დეკემბრამდე უნდა წარედგინათ სამოქალაქო რეესტრში, ან გაეგზავნათ უწყების ელექტრონულ მისამართზე contact@cra.gov.ge  ელექტრონული ნამუშევრების დათვალიერება შესაძლებელი იყო სამოქალაქო რეესტრის გვერდზე ფეისბუქზე და სახელმწიფო მინისტრის აპარატის სოციალურ ქსელზე - Iamgeorgian.com.

კონკურსის გამარჯვებული  სპეციალურმა კომისიამ გამოავლინა. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობა  ბუკლეტის ტიპისაა, შესრულებულია ქართულ და ინგლისურ ენებზე. დოკუმენტში ფონად გამოსახულია საზღვარგარეთ მოღვაწე ცნობილი ქართველები, მოწმობაზე დატანილია, აგრეთვე, საქართველოს ჰიმნი ნოტებით.

შეგახსენებთ, რომ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ კანონპროექტი მოამზადა. კანონი საქართველოს პარლამენტმა 2011 წლის ნოემბერში მიიღო. ,,უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ'' კანონი 2012 წლის 1 მარტიდან შევა ძალაში.  კანონპროექტის მიზანია განსაზღვროს საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა და პრინციპები უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან მიმართებაში და ჩამოაყალიბოს საქართველოს სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის საფუძვლები ამ პოლიტიკის განხორციელებაში, ასევე განსაზღვროს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულისა და დიასპორული ორგანიზაციის სამართლებრივი სტატუსი.