საქართველოსა და სომხეთის ეროვნულ არქივებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თარიღი: 09 დეკემბერი 2011

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივსა და სომხეთის ეროვნულ არქივს შორის დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელს მოაწერეს ეროვნული არქივის ხელმძღვანელმა თეონა იაშვილმა და სომხეთის ეროვნული არქივის დირექტორმა ამატუნი ვირაბიანმა.  

სომხეთის ეროვნული არქივის დელეგაცია თბილისს დღეს მეორე ოფიციალური ვიზიტით ეწვია. დელეგაციის შემადგენლობაში ამატუნი ვირაბიანთან ერთად არიან: ეროვნული არქივის დირექტორის მოადგილე სონია მირზოიანი და სომხეთის მთავრობის აპარატის სოციალური სამმართველოს მთავარი სპეციალისტი სამველ მურადიანი.

"დღეს გაფორმებული დოკუმენტი ითვალისწინებს ორი ქვეყნის შესახებ არსებული დოკუმენტების ასლების გაცვლას, გამოცდილების გაზიარებას, ასევე, ერთობლივი პროექტების განხორციელებას", - აღნიშნა თეონა იაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრები გაეცნობიან ეროვნულ არივში დაცულ დოკუმენტებს XVIII-XIX საუკუნეებში საქართველოში მიგრაციის პროცესების შესახებ და 1840-60-იანი წლების მოსახლეობის აღწერებს.

სომხეთის ეროვნული არქივის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში 11 დეკემბერს დასრულდება.