ანტიკორუფციული კონფერენციის მონაწილეები იუსტიციის სახლის კონცეფციას გაეცნენ

თარიღი: 09 დეკემბერი 2011

9 დეკემბერს რუსთავის იუსტიციის სახლს რეგიონული ანტიკორუფციული კონფერენციის მონაწილეები ესტუმრნენ. სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვას, უკრაინისა და ყირგიზეთის დელეგაციის წევრებს იუსტიციის სამინისტროს ახალი ბრენდის - იუსტიციის სახლის კონცეფცია მთავარი პროკურორის პირევლმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ გააცნო.

სპეციალურად სტუმრებისათვის მოეწყო ტური იუსტიციის სახლში, რომლის დროსაც მათ საშუალება ჰქონდათ, თავად გაცნობოდნენ იუსტიციის სახლების მუშაობის სპეციფიკას, დაეთვალიერებინათ თვითმომსახურების, სწრაფი და ხანგრძლივი მომსახურების სივრცეები და ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ  ქვეყანაში მომსახურების სფეროში გატარებული რეფორმების შესახებ.

„სამი დღის მანძილზე ჩვენ განვიხილეთ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები და ყველა შევთანხმდით იმაში, რომ სახელმწიფო სერვისების გამარტივება ხელმისაწვდომობა,  კორუფციის დამარცხების ერთ-ერთი მიმართულებაა. ახლა ჩვენ სტუმრებს საშუალება აქვთ, თავად შეაფასონ შედეგები, რაზედაც რამდენიმე დღის წინ ვსაუბრობდით", - განაცხადა დავით საყვარელიძემ.

რეგიონული ანტიკორუფციული კონფერენცია საქართველოში ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, საქართველოში კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისიის (NORLAG) და ევროკავშირის ექპერტების ინიციატივით ჩატარდა.

იუსტიციის სახლი - იუსტიციის სამინისტროს სერვისების სრულიად ახალი კონცეფციის მქონე საჯარო დაწესებულებაა, სადაც სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული არქივის, აღსრულების ეროვნული ბიუროს, ნოტარიუსთა პალატის სერვისები  არის გაერთიანებული, რაც მომხმარებელთა  სწრაფ და კვალიფიციურ მომსახურებას უზრუნველყოფს - მოქალაქე ყველა სერვისს  ერთ სივრცეში იღებს. იუსტიციის სახლები უკვე  ფუნქციონირებს ბათუმში, რუსთავში, ქუთაისსა და მესტიაში.