იუსტიციის სამინისტროში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

თარიღი: 09 დეკემბერი 2011

9 დეკემბერი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამასთან დაკავშირებით,  იუსტიციის სამინისტროში მიღება გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორები  კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან ერთად გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს და  გაეროს განვითარების პროგრამა იყვნენ.  მიღებას ესწრებოდნენ სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, აგრეთვე - სამეცნიერო და პედაგოგიური წრეების, მედიის წარმომადგენლები, სტუდენტები.

სტუმრებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე მიესალმა. მან კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობასა და საქართველოში მის შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით საქართველოს წარმატებას არაერთი საერთაშორისო კვლევის შედეგი ადასტურებს:

„სწორედ დღეს სრულდება რეგიონული ანტიკორუფციული კონფერენცია, რომელიც საქართველოში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა  და რომლის ინიციატორებიც, იუსტიციის სამინისტროსთან ერთად, იყვნენ ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, საქართველოში კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისიის (NORLAG) და ევროკავშირის ექპერტები. სამი დღის მნაძილზე ქართველი სამართალდამცველები საკუთარ გამოცდილებას უზიარებდნენ უკრაინის, მოლდოვის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და ყირგიზეთის წარმომადგენლებს. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველო კორუფციასთან წარმატებული ბრძოლის მოდელი გახდა“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

წყლის, ჯანდაცვისა და განათლების სფეროებში კორუფციასთან ბრძოლის მეთოდებთან დაკავშირებით ანგარიში ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის  ბიუროს რეგიონულმა მენეჯერმა სიგნე როტბერგამ  წარმოადგინა,  საქართველოს ანტიკორუფციული პოლიტიკის შესახებ კი იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა ოთარ კახიძემ ისაუბრა.

პრეზენტაციების შემდეგ დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა. კორუფციის თემაზე გამოქვეყნებული  საუკეთესო სტატიებისათვის პრიზები გადაეცათ დიანა ჩაჩუას - ჟურნალი „ლიბერალი“ და დიმიტრი ავალიანს - ჟურნალი „ტაბულა“.

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე 2004 წლიდან, გაეროს გენერალური ანსამბლეის ინიციატივით აღინიშნება.