ეროვნულ არქივში დაცული ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის ფონდი

თარიღი: 08 დეკემბერი 2011

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი ფონდებისა და კოლექციების მიმოხილვას ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის ფონდით აგრძელებს.

მიმოხილვა თეატრის დაარსებიდან 160 წლის იუბილეს ეძღვნება.

ოპერის თეატრის  შენობა, რომელიც იტალიელი არქიტექტორის ანტონიო სკუდიერის  პროექტით აშენდა, 1851 წლის 11 ოქტომბერს გრანდიოზული მეჯლისით გაიხსნა. ზუსტად 23 წლის შემდეგ თბილისის ოპერის თეატრი ხანძრისაგან განადგურდა. 1896 წელს გოლოვინის პროსპექტზე დამთავრდა არქიტექტორ შრეტერის მიერ დაპროექტებული ახალი საოპერო თეატრის მშენებლობა, ე.წ. სახაზინო თეატრი, რომელსაც 1937 წლიდან ზაქარია ფალიაშვილის სახელი ეწოდება.

ეროვნული არქივის ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილებაში  დაცული ოპერისა და ბალეტის მდიდარი და მრავალფეროვანი ფონდი 1855-2002 წლების 102 848 საქმეს მოიცავს. მათ შორისაა: კონტრაქტები იტალიელ და რუს მსახიობებთან და რეჟისორებთან;  საზაფხულო თეატრის მშენებლობის საქმე (1869-1875); 1874  წელს თეატრში ხანძრის გამომწვევი მიზეზების შემსწავლელი კომისიის შექმნისა და ახალი თეატრის მშენებლობის საქმეები; საოპერო და საბალეტო სპექტაკლების ლიბრეტოები, აფიშები, პროგრამები, სპექტაკლებისა და რეპეტიციების გეგმები; თეატრის მუშაობის ყოველთვიური ანგარიშები, შემოქმედებით მუშაკთა დახასიათებები და პირადი საქმეები; მიმოწერა საზღვარგარეთის ქვეყნებთან თეატრის შემოქმედებითი საქმიანობის შესახებ; დოკუმენტები სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსში ქართველ მსახიობთა მონაწილეობის  შესახებ, თეატრის ისტორიის ამსახველი ქრონოლოგიური ცნობარი.

განსაკუთრებით საინტერესოა ოპერისა და ბალეტის თეატრის სპექტაკლებისათვის შექმნილი კოსტუმებისა და დეკორაციების ესკიზები, რომელიც არქივს გადაეცა თეატრის შენობაში 1973 წელს გაჩენილი ხანძრის შემდეგ, დაფანტულ ფურცლებად. ესკიზები ეროვნული ძეგლების ნუსხაშია შესული. კოლექციაშია: იანოვსკის ბალეტ „ფერენჯის"  დეკორაციები და კოსტუმების ესკიზები (ელენე ახვლედიანი);  პეტრე ჩაიკოვსკის ოპერა „პიკის ქალის" კოსტუმების ესკიზები (დავით კაკაბაძე); ადანის ბალეტ „ჟიზელის" კოსტუმების ესკიზები (სოლიკო ვირსალაძე), ბოროდინის ოპერა „თავადი იგორის" დეკორაციებისა და კოსტუმების ესკიზები, კრეინის ბალეტ „ლაურენსიას" კოსტუმებისა და დეკორაციების ესკიზები, შალვა აზმაიფარაშვილის ოპერა „ხევისბერი გოჩას" კოსტუმებისა და დეკორაციების ესკიზები; ვიქტორ დოლიძის ოპერა „ქეთო და კოტეს" დეკორაციების ესკიზები (ვალერიან სიდამონ-ერისთავი); ოპერა „პრინცესა ტურანდოტის" კოსტუმების ესკიზები და სხვა.

ოპერისა და ბალეტის თეატრის ფონდის შევსება გრძელდება. მიმდინარე წელს არქივს გადაეცა 2010-2011 წლების აფიშები, პლაკატები, ბუკლეტები,  ჟურნალ „არაბესკის" ნომრები და პროგრამები.