რუსთავის იუსტიციის სახლს სერბეთის დელეგაცია ეწვია

თარიღი: 08 დეკემბერი 2011

8 დეკემბერს, რუსთავის იუსტიციის სახლი სერბეთის დელეგაციამ დაათვალიერა. სტუმრები იუსტიციის სამინისტროს ახალი ბრენდის - იუსტიციის სახლის კონცეფციას გაეცნენ და ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს სახელმწიფო მომსახურების სფეროში გატარებულ რეფორმებზე.

სპეციალურად მათთვის მოეწყო ტური იუსტიციის სახლში, რომლის დროსაც  დელეგაციის წევრებს საშუალება ჰქონდათ, თავად გაცნობოდნენ იუსტიციის სახლების მუშაობის სპეციფიკას, დაეთვალიერებინათ თვითმომსახურების, სწრაფი და ხანგრძლივი მომსახურების სივრცეები.

სერბეთის დელეგაცია საქართველოში ID ბარათების პროექტის გასაცნობად იმყოფება. გუშინ მისი წევრები იუსტიციის მინისტრის მოადგილეს გიორგი ვაშაძეს შეხვდნენ. გ. ვაშაძე მათ  ქართული ელექტრონული პირადობის მოწმობის ფუნქციონირების არეალის შესახებ ესაუბრა.

ID ბარათი მაღალტექნოლოგიური, გაყალბებისგან მაქსიმალურად დაცული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტია. მისი შესაძლებლობების არეალი ფართო და მრავალმხრივია.  პიროვნების იდენტიფიკაცია დისტანციურად, ინტერნეტის საშუალებით; ელექტრონული დოკუმენტების ციფრულად დამოწმება; ბიზნესის კეთების ეფექტურობის ზრდა; ონლაინსერვისების მეტი ხელმისაწვდომობა - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ფუნქციებისა, რომელთა შესრულებაც  ელექტრონულ პირადობის მოწმობის მფლობელს შეუძლია.