სტუდენტები ბათუმის იუსტიციის სახლში

თარიღი: 07 დეკემბერი 2011

დღეს, ბათუმის იუსტიციის სახლს  შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსტეტის  სტუდენტები ეწვევნენ.

იუსტიციის სახლის ელჩებმა სტუდენტებს  ახალი ბრენდის - იუსტიციის სახლის კონცეფცია  და  მომსახურების სფეროში გატარებული რეფორმების შედეგები   გააცნეს; აუხსნეს, თუ რა პროცედურების გავლა უწევს ნებისმიერ მოქალაქეს მომსახურების მისაღებად, რამდენად მარტივია დღეს  ქონებისა თუ ბიზნესის რეგისტრაცია, პირადობის მოწმობის, პასპორტის ან ნებისმიერი სხვა საბუთის მიღება.

სტუდენტები დეტალურად  გაეცნენ სარეგისტრაციოდ წარსადგენი დოკუმენტების ნიმუშებს, განცხადებებსა თუ სხვა მონაცემებს. აქვე მოეწყო იუსტიციის სახლის ელექტრონული სერვისების პრეზენტაციაც.იუსტიციის სახლის ელჩებმა სტუდენტებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს  თვითმომსახურების, სწრაფი და ხანგრძლივი მომსახურების სივრცეების შესახებ.

იუსტიციის სახლი - იუსტიციის სამინისტროს სერვისების სრულიად ახალი კონცეფციის მქონე საჯარო დაწესებულებაა, სადაც სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული არქივის, აღსრულების ეროვნული ბიუროს, ნოტარიუსთა პალატის სერვისები  იდეურად და სისტემურად არის გაერთიანებული, რაც მომხმარებელთა  სწრაფ და კვალიფიციურ მომსახურებას უზრუნველყოფს - მოქალაქე ყველა სერვისს  ერთ სივრცეში იღებს. მყუდრო, სასიამოვნო და კომფორტული გარემო, მაღალკვალიფიციური, კომპეტენტური და კეთილგანწყობილი პერსონალი მომხმარებელთა თავაზიან, სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას უზრუნველყოფს.იუსტიციის სახლები უკვე  ფუნქციონირებს ბათუმში, რუსთავში, ქუთაისსა და მესტიაში.