სერბეთის დელეგაცია ID ბარათების პროექტს ეცნობა

თარიღი: 07 დეკემბერი 2011

2011 წლის 7 დეკემბერს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერბეთის დელეგაცია ეწვია. სტუმრებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გ. ვაშაძე შეხვდა და საქართველოში ID ბარათების პროექტის  შესახებ ესაუბრა.

„სერბეთის დელეგაცია საქართველოში  ელექტრონული პირადობის მოწმობის - ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტის გასაცნობად იმყოფება, - განაცხადა  გიორგი ვაშაძემ, - როგორც ცნობილია, ელექტრონული პირადობის მოწმობების გაცემა საქართველოში სულ რამდენიმე თვის წინ დაიწყო,  და მიუხედავად იმისა, რომ მისი აღება სავალდებულო არ არის, ID ბარათის აღების სურვილი უკვე 72.000-ზე მეტმა მოქალაქემ გამოთქვა.  ჩვენ მივაწოდეთ სერბ სტუმრებს ინფორმაცია ქართული ელექტრონული პირადობის მოწმობის ფუნქციონირების არეალის შესახებ,  ვუთხარით, რომ ID ბარათის მეშვეობით უკვე შესაძლებელია ობიექტის დაცვაზე აყვანა-მოხსნა;  რომ 10 დეკემბრიდან მისი მფლობელები პასპორტის გარეშე გადაკვეთენ საქართველო-თურქეთის საზღვარს, რომ იუსტიციის სამინისტროში შემოსასვლელად ჩვენს თანამშრომლებს აღარ სჭირდებათ სამსახურებრივი მოწმობის წარდგენა, - ეს ფუნქციაც ID ბარათმა შეითავსა.  ქართული მხარე მზადაა, საკუთარი გამოცდილება ამ კუთხით სხვა ქვეყნებსაც გაუზიაროს".

ID ბარათი მაღალტექნოლოგიური, გაყალბებისგან მაქსიმალურად დაცული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტია. მისი შესაძლებლობების არეალი ფართო და მრავალმხრივია.  პიროვნების იდენტიფიკაცია დისტანციურად, ინტერნეტის საშუალებით; ელექტრონული დოკუმენტების ციფრულად დამოწმება; ბიზნესის კეთების ეფექტურობის ზრდა; ონლაინსერვისების მეტი ხელმისაწვდომობა - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ფუნქციებისა, რომელთა შესრულებაც  ელექტრონულ პირადობის მოწმობის მფლობელს შეუძლია.