საქართველო - კორუფციასთან წარმატებული ბრძოლის მოდელი

თარიღი: 07 დეკემბერი 2011

7 დეკემბერს, სასტუმრო "თბილისი მერიოტში"  რეგიონული კონფერენცია გაიხსნა, რომელიც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს ეძღვნება. კონფერენციის ორგანიზატორია საქართველოს მთავარი პროკურატურა, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტსა და საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდავეთის, უკრაინისა და ყირგიზეთის დელეგაციები, პროკურორები და ამ ქვეყნებში ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, ასევე - ამერიკელი და ევროპელი ექსპერტები.

კონფერენცია პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ გახსნა, მონაწილეებს მიესალმა საქართველოს მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა: "ჩვენთვის დიდი პატივია, ვუმასპინძლოთ ანტიკორუფციულ კონფერენციას - განაცხადა მურთაზ ზოდელავამ,  -  ჩვენ ვამაყობთ ჩვენი შედეგებით, ვამაყობთ იმით, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობის 2010 წლის "გლობალური კორუფციის ბარომეტრის" თანახმად, საქართველო არის #1 ქვეყანა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში.

განათლებისა და მართმსაჯულების სისტემების რეფორმა, საჯარო სამსახურის მოდერნიზაცია, სახელმწიფო შესყიდვების რეფორმა, ეს იმ საქმიანობის მცირე ჩამონათვალია, რომელმაც ქვეყნის წარმატება განაპირობა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ მზად ვართ, თქვენთან ერთად გავაანალიზოთ ის გზა, რაც საქართველომ გაიარა, გაგიზიაროთ გამოცდილება, რაც ამ კუთხით ჩვენ დაგვიგროვდა".

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე, ამერიკის საელჩოს მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში დევიდ დევილერსი, ავსტრიის ეკონომიკური დანაშაულის და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის წარმომადგენელი პროკურორი მაიკლ შონი.

საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის მიმოხილვა უცხოელი სტუმრებისათვის იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი უფროსმა ოთარ კახიძემ წარმოადგინა. საკუთარი ქვეყნების გამოცდილებასა და სამომავლო გეგემებზე ისაუბეს სომხეთისა და ყირგიზეთის დელეგაციის წევრებმა.

ანტიკორუფციული კონფერენცია სამ დღეს გაგრძელდება. მომდევნო დღეებში  სამუშაო შეხვედრებზე, საკუთარ პრეზენტაციებს მოლდოვეთის, უკრაინისა და აზერბაიჯანის დელეგაციები წარმოადგენენ.

საერთაშორისო გამჭვირვალობის 2010 წლის "გლობალური კორუფციის ბარომეტრის"თანახმად:

შეკითხვას, გადაუხდიათ თუ არა ქრთამი ბოლო 12 თვის განმავლობაში, გამოკითხულთა მხოლოდ 3%-მა უპასუხა დადებითად, რაც მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

რესპონდენტთა 78% მიიჩნევს, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში კორუფციის დონე "შემცირდა" ან "ძალიან შემცირდა";

საქართველოში გამოკითხული მოსახლეობის მხოლოდ 9% მიიჩნევს, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში კორუფცია "გაიზარდა", რაც სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე დაბალი პროცენტული მაჩვენებელია;

გამოკითხულთა 77% მიიჩნევს, რომ კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით საქართველოს მთავრობა "ეფექტური" ან "ძალიან ეფექტურია", რაც სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.