საქართველოს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მიმდინარე წელს ჩატარებული სამუშაოები შეაჯამა

თარიღი: 06 დეკემბერი 2011

6 დეკემბერს, იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრა გაიმართა, რომელიც  საქართველოს აღსრულების  ბიუროში მიმდინარე წლის მანძილზე განხორციელებულ სამუშაოებს მიეძღვნა. ღონისძიება შვედეთის სააღსრულებო სააგენტოს ურთიერთთანამშრომლობის პროექტის ფარგლებში ჩატარდა.  

შეხვედრას ესწრებოდნენ შვედეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში - დიანა იანსე, შვედეთის სააღსრულებო სააგენტოს გენერალური დირექტორი - ევა ლიდსტრომ-ადლერი, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე ნიკა მელია, ასევე - აღსრულების ეროვნული ბიუროსა და შვედეთის სააღსრულებო სააგენტოს სხვა ხელმძღვანელი პირები და პროექტის ექსპერტები.

ღონისძიებაზე აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ მიმდინარე წელს პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის პრეზენტაცია წარმოადგინა. ნიკა მელია სტუმრებს სამომავლო გეგმებზეც ესაუბრა:

„როგორც ცნობილია, პროექტის განხორციელება 2010 წლის აგვისტოდან დაიწყო. 2011 წელს მის ფარგლებში უკვე შემუშავდა რამდენიმე, ჩვენთვის ძალზე  მნიშვნელოვანი დოკუმენტი. მათ შორის აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომელთა ქცევის კოდექსი, აღსრულების პოლიტიკა  და სამუშაო პროცესების რუკის მეთოდით დაგეგმვის ფორმები. მომავალ წელს ვგეგმავთ   კონსულტაციებს სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან საერთაშორისო შეხვედრებისა და კონფერენცების ფორმატში. ამგვარი უწყვეტი დიალოგი უცხოელ კოლეგებთან, ჩვენთვის, ქართველი აღმასრულებლებისათვის პრფესიული ზრდისა და განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა", - განაცხადა ნ. მელიამ და შვედურ მხარეს გაწეული დახმარებისათვის მადლობა გადაუხადა.

აღსრულების ეროვნული ბიურო პროექტს შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის მიზანია საქართველოსა და შვედეთის სააღსრულებო უწყებებს შორის პროფესიული ინფორმაციის გაცვლა სააღსრულებო მომსახურების შესახებ, აგრეთვე საქართველოს აღსრულების ეროვნული ბიუროს მხარდაჭერა სტრატეგიული გეგმის განხორციელებაში.