საქართველო ''ღია მთავრობის თანამშრომლობის'' ინიციატივის ფარგლებში სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობს

თარიღი: 05 დეკემბერი 2011

2011 წლის 7 და 8 დეკემბერს, ბრაზილიაში გაიმართება „ღია მთავრობის თანამშრომლობის" ("Open Government Partnership") ინიციატივის ფარგლებში წევრ-სახელმწიფოთა სამუშაო შეხვედრა. შეხვედრის მთავარი მიზანია აღნიშნული პროექტის, მისი მიზნებისა და მოლოდინების შესახებ ახალი წევრებისადმი ინფორმაციის მიწოდება, ასევე წევრთა შორის გამოცდილების გაზიარება.

„ღია მთავრობის თანამშრომლობის" ("Open Government Partnership") პროექტი ინიცირებულ იქნა აშშ-ს პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მიერ. იგი მიზნად ისახავს მსოფლიოს მასშტაბით მთავრობათა გამჭვირვალობისა და ეფექტურობის უზრუველყოფას, ასევე კორუფციის დაძლევისა და სხვა გამოწვევებთან ბრძოლის ხელშეყწყობას. აღნიშნული პროექტის ფარგლებში იდენტიფიცერებულ იქნა 5 ძირითადი გამოწვევა, რომლის წინაშეც მთავრობა შესაძლოა დადგეს, მათ შორის,  საჯარო მომსახურების გაუმჯობესება, საჯარო რესურსების ეფექტური მართვა. „ღია მთავრობის თანამშრომლობის" პროექტი მოუწოდებს სახელმწიფოებს, შეუერთდნენ ამ ინიციატივას და ხელი შეუწყონ აღნიშნული მიზნების მიღწევას. ამისათვის წევრ- სახელმწიფოების მთავრობებმა უნდა შეიმუშავონ და წარადგინონ შესაბამისი სამოქმედო გეგმა, სადაც ასახული იქნება ის კონკრეტული ვალდებულებები, რომელიც ზემოხსენებული მიზნების შესრულებას მოემსახურება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს წევრ სახელმწიფოთა მუშაობა სამოქმედო გეგმაზე.

„ღია მთავრობის თანამშრომლობის" პროექტს საქართველო 2011 წლის 20 სექტემბერს შეუერთდა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში საქართველოს ვალდებულებები ძირითადად 5 სახისაა: საჯარო სამსახურის გამჭვირვალობა, ანგარიშგება და ეფექტურობა; სახელმწიფო შესყიდვების სისტემის გამჭვირვალობა; საჯარო ფინანსების სისტემის რეფორმირება; კერძო სტრუქტურის კონკურენტუნარიანობის გაზრდა და კორუფციის პრევენციის ხელშეწყობა, პოლიტიკური პარტიების დაფინანსებისა და მონიტორინგის დახვეწილი სისტემის, ასევე მართლმსაჯულების სისტემის საქმიანობის დახვეწა. გარდა სამოქმედო გეგმისა, საქართველოს მთავრობამ უნდა წარადგინოს ამ ვალდებულებათა შესრულების შეფასების ანგარიშები.

აღნიშნულ ვალდებულებათა ნუსხა წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის შემადგენელ ნაწილს, რომელიც შემუშავდა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ სამოქალაქო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით. „ღია მთავრობის თანამშრომლობის" პროექტისათვის შემუშავებული სამოქმედო გეგმა განსახილველად წარედგინა ზემოაღნიშნულ ანტიკორუფციულ საბჭოს წევრებს, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.