იუსტიციის მინისტრმა აღსრულების ეროვნული ბიუროს წლის ანგარიში მოისმინა

თარიღი: 05 დეკემბერი 2011

5-7 დეკემბრს კაჭრეთში, სასტუმრო “ამბასადორში” აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომელთა გასვლითი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა  "დაძმობილების  პროექტი სააღსრულებო სისტემის გაუმჯობესებისთვის" (BESTT) ფარგლებში ჩატარდა.

შემაჯამებელი შეხედრის შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელები იუსტიციის მინისტრს ზურაბ ადეიშვილს შეხვდნენ. მინისტრმა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2011 წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიში მოისმინა და უწყების სამომავლო გეგმებს გაეცნო.
„მიმდინარე წელს სააღსრულებო სისტემაში არაერთი წარმატებული რეფორმა განხორციელდა. სამომავლოდ დაგეგმილი სიახლეები უწყების საქმიანობას  დამატებით ფუნქციას შესძენს, მოქალაქეებს კი დაეხმარება სააღსრულებო საქმიანობასთან დაკავშირებული პრობლემის მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად გადაჭრაში,“- აღნიშნა შეხვედრის შემდეგ იუსტიციის მინისტრმა.

2012 წლიდან აღსრულების ეროვნულ ბიუროში რამდენიმე ახალი სერვისი დაინერგა. წამყვანი ევროპული ქვეყნების გამოცდილებისა და უცხოელი პარტნიორების რეკომენდაციების  გათვალისწინებით, აღსრულების ეროვნული ბიურო დამატებით ფუნქციებს მომავალი წლიდან შეიძენს.

გასვლით შემაჯამებელ შეხვედრას უცხოელი ექსპერტებიც დაესწრნენ, რომლებმაც აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებს სააღსრულებო კანონსა და სერვისებთან დაკავშირებით საკუთარი ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს.