ანტიკორუფციული რეფორმების პრეზენტაცია რუსთავის იუსტიციის სახლში

თარიღი: 29 ნოემბერი 2011

29 ნოემბერს, რუსთავის იუსტიციის სახლს უკრაინის დელეგაცია ეწვია. მაღალი რანგის სტუმრებს, უკრაინის პარლამენტის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე შეხვდა. გიორგი ვაშაძემ სტუმრებს იუსტიციის სამინისტროს ახალი ბრენდის - იუსტიციის სახლის კონცეფცია გააცნო, სერვისცენტრის მომსახურების სივრცეები დაათვალიერებინა და იმ ცვლილებების შესახებ უამბო, რომელიც საქართველომ უკანასკნელ წლებში გაიარა.

„იუსტიციის სახლის კონცეფცია სახელმწიფო სერვისების ერთ სივრცეში გაერთიანებაა, ეს ინსტიტუცია შეიქმნა იმისათვის, რომ თითოეულმა მოქალაქემ სწრაფი და ხარისხიანი მომსახურება მიიღოს, რომ სახელმწიფო სერვისი მათთვის იყოს ხელმისაწვდომი,  პროცედურა კი - გამჭვირვალე და მარტივი. როგორც ცნობილია, მარტივი პროცედურები კორუფციისაგან  თავისუფალი სისტემის ძირითადი ნიშანია. იუსტიციის სახლის კონცეფციის განხორციელება მხოლოდ კორუფციასთან წარმატებული ბრძოლის შედეგად გახდა შესაძლებელი", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ უკრაინულ დელეგაციასთან შეხვედრისას. გიორგი ვაშაძემ სტუმრებს ანტიკორუფციული რეფორმების შესახებაც უამბო. 

უკრაინული დელეგაცია საქართველოში  ფონდ „ღია საზოგადოების" პროგრამის ფარგლებში იმყოფება. ვიზიტის მიმდინარეობისას ისინი  საქართველოს შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებს ეწვივნენ, შეხვდნენ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს, დაათვალიერეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო და იუსტიციის სახლი რუსთავში.

იუსტიციის სახლი - იუსტიციის სამინისტროს სერვისების სრულიად ახალი კონცეფციის მქონე საჯარო დაწესებულებაა, სადაც სხვადასხვა სტრუქტურის სერვისების მიღება მოქალაქეებისათვის ერთი ფანჯრის პინციპითაა შესაძლებელი. აქ მომხმარებელს შეუძლია, ერთდროულად მიიღოს  სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს,   საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული არქივის, აღსრულების ეროვნული ბიუროს, ნოტარიუსთა პალატის სერვისები.