ID ბარათის კიდევ ერთი ფუნქცია - იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს სამსახურებრივი მოწმობა აღარ სჭირდებათ

თარიღი: 29 ნოემბერი 2011

ელექტრონულმა პირადობის მოწმობამ კიდევ ერთი ახალი ფუნქცია შეიძინა - იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს ადმინისტრაციულ შენობაში შესვლისათვის სამსახურებრივი მოწმობების წარდგენა აღარ სჭირდებათ. ამის შესახებ დღეს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ ახალი სერვისის პრეზენტაციისას განაცხადა.

ID ბარათის საშვის ფუნქციის შემდეგი ეტაპი მოქალაქეებზე გარცელდება, სულ მალე ID ბარათი მოქალაქეთა საშვებსაც ჩაანაცვლებს. დღეს-დღეობით, სტუმრის სამინისტროში შემოსასვლელად, საჭიროა საშვის დაშვება თანამშრომლის მხრიდან. სტუმარმა მისაღებში უნდა წარადგინოს პირადობის მოწმობა, მიიღოს მის სახელზე დაშვებული საშვი,  შენობიდან გასვლისას  კი ჩააბაროს ის საშვთა ბიუროს და დაიბრუნოს პირადობის მოწმობა. ID ბარათის საშუალებით ეს პროცედურა მარტივდება - ელექტრონული პირადობის მოწმობის მფლობელი გაივლის ონლაინ რეგისტრაციას ვებგვერდზე www.justce.gov.ge, სამინისტროს თანამშრომელი დაადასტურებს, რომ ამ პირს დანიშნული აქვს შეხვდრა იუსტიციის სამინისტროში, რის შემდეგაც სტუმარი საკუთარი ელექტრონული პირადობის მოწმობით დაუბრკოლებლად შეძლებს უწყების შენობაში გადაადგილებას, ყოველგვარი საშვის  გარეშე.  

 „ID ბარათის პრეზენტაციისას ჩვენ დაგპირდით, რომ ის იქნებოდა უფრო მეტი, ვიდრე - პირადობის მოწმობა", - აღნიშნა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, - სულ რამდენიმე თვეა, რაც საქართველოში ეს მაღალტექნოლოგიურო ნოვაცია დაინერგა და თითოეულმა მისმა მფლობელმა იცის, რომ ჩვენი დაპირება მხოლოდ სიტყვები არ არის. სულ ცოტა ხნის წინ ID ბარათის მეშვეობით ობიექტის დაცვაზე აყვანა-მოხსნა გახდა შესაძლებელი. ელექტრონული პირადობის მოწმობის მფლობელებს 10 დეკემბრიდან შეეძლებათ, პასპორტის გარეშე გადაკვეთონ საქართველო-თურქეთის საზღვარი, იუსტიციის სამინისტროში შემოსასვლელად კი ჩვენს თანამშრომლებს აღარ სჭირდებათ სამსახურებრივი მოწმობის წარდგენა, - ეს ფუნქციაც ID ბარათმა შეითავსა. ელექტრონული პირადობის მოწმობის გამოყენება ამ მიზნით ნებისმიერ უწყებას შეუძლია".

ID ბარათი მაღალტექნოლოგიური, გაყალბებისგან მაქსიმალურად დაცული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტია. მისი შესაძლებლობების არაელი ფართო და მრავლამხრივია.  პიროვნების იდენტიფიკაცია დისტანციურად,ინტერნეტის საშუალებით; ელექტრონული დოკუმენტების ციფრულად დამოწმება; ბიზნესის კეთების ეფექტურობის ზრდა; ონლაინსერვისების მეტი ხელმისაწვდომობა - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ფუნქციებისა, რომელთა შესრულებაც  ელექტრონულ პირადობის მოწმობას შეუძლია.