ეროვნულმა არქივმა კერძო კოლექციონერისაგან 700-მდე ფოტონეგატივი შეიძინა

თარიღი: 05 მაისი 2011

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა კერძო კოლექციონერისაგან შეიძინა 700 ცალი ფოტონეგატივი, სადაც ასახულია მეოცე საუკუნის 50-80-იანი წლებში საქართველოში მიმდინარე კულტურული პროცესები. ფოტოებზე აღბეჭდილი არიან ცნობილი მსახიობები, მუსიკოსები, მომღერლები, სცენები საქართველოში გასტროლებზე ჩამოსული თეატრების, ორკესტრების სპექტაკლებიდან და კონცერტებიდან.

კოლექციის პრეზენტაცია დღეს ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა გამართა. "კულტურის თემატიკაზე ფოტომასალა წლების განმავლობაში თავს იყრიდა არქივში. ახალშეძენილი ფოტოები მნიშვნელოვნად გაამდიდრებს ეროვნული არქივის ფოტოფონდს", - აღნიშნა თეონა იაშვილმა.

კოლექციაში არის სცენები ქართული თეატრების სპექტაკლებიდან, ასევე, კულტურის მოღვაწეების: მიხეილ თუმანიშვილის, დიმიტრი ალექსიძის, რევაზ ლაღიძის, ნუნუ დუღაშვილის, ელისო ვირსალაძის, ილიკო სუხიშვილის, ნინო რამიშვილის, სესილია თაყაიშვილის, მედეა ჯაფარიძის, არჩილ გომიაშვილის, სოფიკო ჭიაურელის,  ვასო აბაშიძის, ელისაბედ ჩერქეზიშვილისა და სხვათა ფოტოები. აქვეა ოდისეი დიმიტრიადის პირველი გამოსვლა ოპერის თეატრის მთავარი დირიჟორის რანგში.

კულტურის  მოღვაწეთა გარდა კოლექციაში წარმოდგენილია მეცნიერების: ნიკო მუსხელიშვილის, ილია ვეკუას, ავლიპ ზურაბაშვილის ფოტოები.

განსაკუთრებით საინტერესოა ფოტოკადრები, რომელიც ასახავს გასტროლებს: ნიუ-იორკის "მეტროპოლიტენ-ოპერის" მომღერალი დორითი კირსტელი თბილისში  (1962 წელი); ბენი გუდმანის ხელმძღვანელობით ამერიკის ჯაზ-ორკესტრი თბილისში (1962 წელი); სერგეი ობრაზცოვის თოჯინების თეატრი თბილისში (1956 წელი).

კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის დირექტორის გიორგი კაკაბაძის ინფორმაციით, ფოტოგანყოფილებაში ნეგატივები დამუშავდება, აღირიცხება, გადავა ელექტრონულ ფორმატში და მკვლევართა დარბაზის მეშვეობით ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისათვის.