იუსტიციის მინისტრის მოადგილემ საქართველოში განხორციელებული რეფორმები ოქსფორდის უნივერსიტეტის New College-ში წარადგინა

თარიღი: 08 აპრილი 2011

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ 7 აპრილს, დიდ ბრიტანეთში, ოქსფორდის უნივერსიტეტის New College-ში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში განხორციელებული რეფორმების შესახებ პრეზენტაცია გამართა. 

კონფერენციას დაესწრნენ ოქსფორდის პროფესორები, სტუდენტები და უკრაინიდან ჩამოსული სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები. პროექტი კანადის პარლამენტის დახმარებით ხორციელდება. 

სტუდენტებმა უკრაინაში მიმდინარე პროცესები უნდა შეისწავლონ და ქვეყნის მართვის ალტერნატიული მოდელი შექმნან. საქართველოში მიმდინარე რეფორმები და კორუფციასთან ბრძოლოს მეთოდები აღნიშნულ შეხვედრაზე სამაგალითოდ იყო წარმოდგენილი. 

შეხვედრამ ინტენსიური დიალოგის რეჟიმში ჩაიარა. ღონისძიების მონაწილეებმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სფეროში განხორციელებული  რეფორმები დადებითად შეაფასეს.

"კონფერენციის თითოეული მონაწილისთვის რეფორმის ქართული მაგალითები მნიშვნელოვანია და ეს ამ შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა. მე გავაკეთე პრეზენტაცია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, თუმცა რეფორმების ყველა მიმართულება მოვიცავით. რაც ყველაზე მთავარია, ბევრი მათგანი საქართველოში ჩამოსვლას და რეფორმების დეტალურად გაცნობას აპირებს. ვიმედოვნებ, რომ უკრაინაშიც განხორციელდება იგივე სახის ცვლილებები,"- აღნიშნა ვაშაძემ. 

კონფერენციის ორგანიზატორის იგორ ბარდინის განცხადებით, ქართული მოდელი კონფერენციის მონაწილეებისთვის საინტერესოა. 

მისი თქმით, უკრაინა დაინტერესებულია საქართველოში განხორციელებული რეფორმებით, რომელიც ითვალისწინებს, როგორც სამთავრობო ცვლილებებს, ასევე კორუფციის დამარცხებასა და საზოგადოების გარდასახვას. 

"მინისტრის მოადგილემ კონფერენციაზე რეალური ფაქტები წარმოადგინა. უკრაინამ საქართველოს მიღწევების ნახევარს რომ მაინც მოაღწიოს, ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. მე ყველაზე მეტად საქართველოში კორუფციის წინააღმდეგ განხორციელებულმა რეფორმამ მომხიბლა. კორუფცია კიბოა, რომელიც ალბათ ყველა ქვეყნისთვის ერთ-ერთ დიდ საშიშროებას წარმოადგენს, - აღნიშნა ბრიტანეთში უკრაინული ინსტიტუტის დირექტორმა ენდი ჰანდერმა.