ქართველმა სამართალდამცველებმა ნიკო ფიროსმანის ნახატის საქართველოდან უკანონოდ გატანის ფაქტი აღკვეთეს

თარიღი: 04 აპრილი 2011

თბილისის პროკურატურის მიერ გატარებული ღონისძიების შედეგად აღკვეთილია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ნიკო ფიროსმანაშვილის მიერ აბრაზე შესრულებული ნახატის ,,კახური ღვინო" საქართველოდან, კონტრაბანდული გზებით, საზღვარზე უკანონოდ გატანის ფაქტი. ექსპერტების მიერ დადასტურებულია, რომ ნახატი ფიროსმანს ეკუთვნის, თუმცა დამატებითი ანალიზი გრძელდება.

სამართალდამცველებისთვის ცნობილი გახდა, რომ ნიკო ფიროსმანის  ნახატი ,,კახური ღვინო", რომლის რეალური მესაკუთრე ჯერ-ჯერობით დაუდგენელია,  საქართველოდან აზერბაიჯანის რესპუბლიკის გავლით რუსეთის ფედერაციაში უნდა გაეტანათ და ერთ-ერთი კოლექციონერისთვის 500 000 ა.შ.შ. დოლარად მიეყიდათ. დამნაშავეთა ჯგუფი უკრაინაში მცხოვრები უცნობი ბიზნესმენის სახელით მოქმედებდა.

იმ პირებს, ვისთანაც ნახატი ინახებოდა, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის საზღვარს გარეთ ლეგალურად გატანის უფლება არ გააჩნდათ, მიზნის მისაღწევად მათ განიზრახეს ორი სახელმწიფოს საზღვრის შემოვლითი, კონტრაბანდული გზებით გადალახვა, რაც ხელოვნების ნიმუშის დაზიანების ან განადგურების რეალურ საფრთხეს ქმნიდა.

თბილისის პროკურატურისა და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპრტამენტის თანამშრომლებმა გაიოზ ჯავახიშვილი, გელა სანიკიძე, ალექსანდრე ფურცხვანიძე, დავით ზირაქაშვილი და ზურაბ დათუკიშვილი სწორედ მაშინ დააკავეს, როცა ფიროსმანის ნახატის აზერბაიჯანში არალეგალურად გადატანის ყველა პირობა უკვე შექმნილი იყო.

ნიკო ფიროსმანაშვილის მიერ აბრაზე შესრულებული ნახატი ,,კახური ღვინო" საქართველოს ხელოვნების ეროვნულ მუზეუმს გადაეცა.

დაკავებულებს ბრალი წარდგენილი აქვთ სისხლის სამართლის კოდექსის 18,214-ე მუხლის, 5-ე ნაწილის „დ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რომელიც გულისხმობს წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ საქართველოს ეკონომიკურ საზღვრებზე კულტურული მემკვიდროების ძეგლის წესის დარღვევით გადატანის მომზადებას, რაც ითვალისწინებს 8-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

საქართველოს პროკურატურა მომავალშიც გააგრძელებს ღონისძიებებს  ეროვნული საგანძურის დაცვისა და კონტროლის მიზნით და კულტურული ღირებულების მქონე ნივთების ყველა მფლობელს თუ შეძენის მსურველს მოუწოდებს, დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესები.