ნოტარიუსთა პალატამ ერთწლიანი საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა

თარიღი: 31 მარტი 2011

ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ ნინო ხოფერიამ პალატის მიერ ერთი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში და 2011 წლის ბიუჯეტი ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრებაზე წარმოადგინა. შეხვედრა საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ახალ ადმინისტრაციულ შენობაში დღეს გაიმართა.

ანგარიშში ყურადღება გამახვილდა სანოტარო კანონმდებლობასა და საქმიანობაში დანერგილ სიახლეებსა და ნოვაციებზე, რის შედეგადაც სანოტარო და ნოტარიუსთა პალატის მომსახურება მოქალაქეთათვის უფრო ხელმისაწვდომი, სწრაფი და ეფექტური გახდა. „ნოტარიუსთა პალატის ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიულ მიზანს მოქალაქეზე ორიენტირება წარმოადგენს.  სწორედ აღნიშნულ მიზანს ემსახურება ყველა ის სიახლე, რაც ბოლო წლებში სანოტარო საქმიანობაში დაინერგა," - აღნიშნა ნინო ხოფერიამ.

კონკრეტულად, გასულ წელს ნოტარიატში ონლაინ მომსახურების აქტიურად დანერგვამ მოქალაქეთა, განსაკუთრებით უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დიდი დაინტერესება გამოიწვია, რადგან მათ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნოტარიუსთან განაცხადის წარსადგენად ან მინდობილობის დასამოწმებლად საკონსულოში მისვლა, ან საქართველოში ჩამოსვლა აღარ უწევთ. სანოტარო მომსახურების ხელმისაწვდომობა, შესაბამისად, მოქალაქეებს ზედმეტი დროისა და ხარჯის დაზოგვის საშუალებას აძლევს. 2010 წლის განმავლობაში ინტერნეტის მეშვეობით, ონლაინ რეჟიმში შესრულდა 7148 სანოტარო მოქმედება (3 546 მინდობილობა/რწმუნებულება და 3 602 განცხადება), წელს, სამი თვის განმავლობაში - 4 891 სანოტარო მოქმედება (4075 მინდობილობა/რწმუნებულება და 816 განცხადება).

მოქალაქეები, ასევე, აქტიურად სარგებლობენ ნოტარიუსთა პალატის იურიდიული სამსახურის ონლაინ მომსახურებით. 2010 წლის ნოემბრიდან პალატის იურისტები მოქალაქეებს სამართლებრივ კონსულტაციებს ონლაინ რეჟიმშიც უწევენ და დღეში, საშუალოდ, 20-მდე ვიდეო ზარს პასუხობენ.

კრებაზე განიხილეს, აგრეთვე, ნოტარიუსთა პალატის საფინანსო-სარევიზიო და დიცისპლინური კომისიების ანგარიშები მათ მიერ 2010-2011 წლებში გაწეული საქმიანობის შესახებ.

ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრება, რომელიც წელიწადში ერთხელ ტარდება, არის ნოტარიუსთა პალატის უმაღლესი ორგანო. იგი უფლებამოსილია მიიღოს ნოტარიუსთა პალატის წესდება, დაამტკიცოს პალატის წლიური ბიუჯეტი. ამასთან, ნოტარიუსთა საერთო კრებაზე ირჩევენ ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარესა და გამგეობის წევრებს სამი წლის ვადით.