საქართველოს პროკურატურის განცხადება

თარიღი: 30 მარტი 2011

ბოლო დროს ქართულ პრესაში არასწორი ინტერპრეტაციით  დაიბეჭდა მასალები სისხლის სამართლის ორი საქმის შესახებ. რამდენადაც ორივე საქმე არასრულწლოვნებს ეხებოდა, საქართველოს პროკურატურამ საჭიროდ ჩათვალა განმარტება:

პირველ შემთხვევაში მცირეწლოვნის მიმართ ჩადენილი დანაშაული ფაქტობრივი მოცემულობისა და არსებული მტკიცებულებების უგულებელყოფით, წარმოჩენილი იქნა როგორც არადანაშაულებრივი ქმედება.

მაშინ, როცა 21 წლის გ.თ-მ, მისი მცირეწლოვანი მეზობელი, ათი წლის გოგონა, კანფეტების დაპირებით შეიტყუა თავისი საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში, წელსქვევით გააშიშვლა და მის მიმართ განახორციელა გარყვნილი ქმედება. დანაშაული დასტურდება დაზარალებულის ჩვენებით, ექსპერტიზამ კი დაადასტურა მცირეწლოვანის სამოსზე გ.თ-ს სპერმის არსებობა.

რამდენადაც ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, დაზარალებულს გაუპატიურების კვალი არ აღენიშნებოდა, საქმე აღიძრა სსკ-ის 141-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის - მცირეწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენისათვის.

ბრალდებულს მიესაჯა ამ დანაშაულისათვის კანონით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ზომა - ორი წლით თავისუფლების აღკვეთა.

რაც შეეხება გორში არასრულწლოვანი ნ.ღ-ს მიერ საკანცელარიო მაღაზიიდან საწერი კალმების ქურდობის ფაქტს, მასზე საქმის აღძვრის მოთხოვნით პროკურატურას მიმართა დაზარალებულმა მხარემ. საქმეში არსებულმა მტკიცებულებებმა (საკანცელარიო მაღაზიაში არსებული ვიდეო-თვალით დაფიქსიბერულია კადრები, რომელიც დაზარალებულმა წარმოადგინა), აგრეთვე ბრალდებულის აღიარებითმა ჩვენებამ სრულად დაადასტურა ჩადენილი დანაშაული (სსკ-ის 177-ე მუხლი) და მასში ნ.ღ-ს ბრალელულობა. აღსანიშნავია, რომ გამოძიების არც ერთ ეტაპზე არასრულწლოვნი არ ყოფილა დაპატიმრებული.

საბოლოოდ, ნ.ღ-ს განესაზღვრა პირობითი მსჯავრი, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმის გადახდა - 2000 ლარის ოდენობით.

საქართველოს პროკურატურა კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მისი ძირითადი პრიორიტეტი არასრულწლოვანთა დანაშაულებრივი გზისგან არიდებაა. ამ მიზნით, განხორციელდა არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის კამპანია. 2009 წლის დეკემბერში სისხლის სამართლის კანონმდებლობაში შესული ცვლილებების შემდეგ კი საქართველოს პროკურატურამ დაიწყო პროექტების - "არასრულწლოვნის განრიდებისა და მედიაციის პროგრამა" და  "ჩემი უფროსი მეგობარი" განხორციელება, რომლებიც მიმართულია არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციისა და მათი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან განრიდებისაკენ.

"არასრულწლოვნის განრიდებისა და მედიაციის პროგრამა" გულისხმობს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების განრიდებისა და მედიაციის მექანიზმებს. ეს წესი გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც მისი ამოქმედება არ ხელყოფს კონკრეტული დაზარალებულისა და საზოგადოების ინტერესებს.

არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის მიზნით 2011 წლის იანვრიდან ამოქმედდა ასევე პროგრამა "ჩემი უფროსი მეგობარი". პროგრამის ფარგლებში მოზარდსა და უფროს მეგობარს საშუალება აქვთ, სურვილისამებრ მეგობრული ურთიერთობა ჩამოაყალიბონ. "უფროსი მეგობრის პროგრამაც" მიზნად ისახავს სხვადასხვა ტიპის პრობლემების მქონე (მათ შორის კანონთან კონფლიქტში მყოფ) არასრულწლოვნებზე ზრუნვას.

აღსანიშნავია, რომ 2004 წლის შემდგომ გატარებული სისხლის სამართლის პოლიტიკის შედეგად საქართველოში მოხდა უმძიმესი კრიმინოგენული ვითარების აღმოფხვრა და ქვეყანაში საზოგადოებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა, რასაც ასევე ადასტურებს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე უსაფრთხო სახელწმიფოდ დასახელდა.