არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროს რეფორმის ხელშეწყობის მიზნით ხელშეკრულება გაფორმდა

თარიღი: 23 მარტი 2011

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩომ, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ დახმარების საკითხთა სამინისტრომ და გაეროს ბავშვთა ფონდმა ხელი მოაწერეს სამწლიან ხელშეკრულებას, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროს რეფორმას და ისეთი მექანიზმების შექმნას, რომლებიც ითვალისწინებს არასრულწლოვანთა მიერ დანაშაულის ჩადენის პრევენციას და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან მათ განრიდებას.

აღნიშნული პროექტით ასევე დაგეგმილია პროკურატურის, იურიდიული დახმარების სამსახურისა და სასამართლოს წარმომადგენელთა პროფესიული გადამზადება, რათა შესაძლებელი გახდეს პრევენციისა და განრიდების მექანიზმის სრულფასოვანი ამოქმედება.

კერძოდ, პროექტის ფარგლებში შემუშავდება დანაშაულის პრევენციის ეროვნული სტრატეგია, რათა ბავშვებში ადრეულ ეტაპზე გამოვლინდეს სარისკო ქცევა და მათ მიიღონ შესაბამისი დახმარება.

გაუმჯობესდება თანამშრომლობა და კოორდინირება სამართალდამცველ, განათლებისა და სოციალური დაცვის სექტორებს შორის. შეიქმნება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან არასრულწლოვანთა განრიდების სამსახური და ამოქმედდება აღდგენითი მართლმსაჯულების ანუ მედიაციის პროგრამა საქართველოს ოთხ ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ბათუმი და ქუთაისი.

განრიდების ახალი მექანიზმის შედეგად დაგეგმილია აღნიშნულ ქალაქებში ეჭვმიტანილი ან მსჯავრდებული ბავშვების რაოდენობის ერთი მესამედით შემცირება.              

განრიდების მექანიზმის პრაქტიკული ასპექტების შესახებ გადამზადდებიან პროკურატურაში, იურიდიული დახმარების სამსახურსა და სასამართლოში მომუშავე პროფესიონალები.

უმაღლესი სასწავლებლების სასწავლო პროგრამაში დაინერგება სპეციალიზებული კურსი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე, რათა პროფესიონალთა მომავალ თაობას კარგად ჰქონდეს გააზრებული არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების აღსრულების ძირითადი პრინციპები.

აღნიშნული ინიციატივა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის (2009-2013) ნაწილია და ეხმარება საქართველოს მთავრობას განაგრძოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმა და კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვების რეაბილიტაცია და საზოგადოებაში რეინტეგრაცია.