დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება სამოქალაქო რეესტრის თბილისის ტერიტორიულ სამსახურებში გახდა შესაძლებელი

თარიღი: 23 მარტი 2011

საზღვარგარეთ წარსადგენი დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება და ლეგალიზაცია იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თბილისის ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურში გახდა შესაძლებელი.

აღნიშნულ სიახლესთან დაკავშირებით, დღეს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებს საზღვარგარეთ წარსადგენად ხშირად სჭირდებათ აპოსტილით დამოწმებული დაბადების, ქორწინების მოწმობებისა და სხვა საბუთების წარდგენა. დღეს უკვე დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებასა და ლეგალიზაციაზე საბუთებს მიიღებენ და გასცემენ თბილისის  ნებისმიერი ტერიტორიული სამსახურები.

გარდა ამისა, დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება შესაძლებელია: ქუთაისის, ბათუმის, თელავის, ზუგდიდის, ფოთის, ოზურგეთისა და ახალციხის ტერიტორიულ სამსახურებშიც. ამავე სამსახურებში ხდება საზღვარგარეთ წარსადგენი ნებისმიერი დოკუმენტის სხვადასხვა ენაზე თარგმნაც.

"სამოქალაქო რეესტრის სააგენტო მოქალაქეზე ორიენტირებული სამსახურია. ჩვენ კიდევ ერთი სიახლე შევთავაზეთ მოქალაქეებს - მათ დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება გაუმარტივდათ. უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს კი ამ სერვისის მიღება  ონლაინში შეუძლიათ - მათ უნდა იხილონ ვებგვერდი www.passport.gov.ge  და გააკეთონ განცხადება დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების თაობაზე. ონლაინ სერვისების დანერგვა კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია მოქალქეთა ეფექტური მომსახურების კითხით" - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, ლეგალიზაცია/აპოსტილით დამოწმება გულისხმობს დოკუმენტზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობის, ხელმომწერი პირის უფლებამოსილების, ბეჭდის ან შტამპის ნამდვილობის დამოწმებას.

საქართველოში გაცემული და დამოწმებული დოკუმენტების სანდოობის ხარისხის ასამაღლებლად შეიქმნა უპრეცედენტო, მაღალტექნოლოგიური  დამცავი მექანიზმი - აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტების ელექტრონული რეესტრი. აპოსტილის სტიკერზე მითითებულ ვებ-გვერდზე უცხო ქვეყნის ორგანოებს, რომელთაც წარედგინებათ საქართველოში დამოწმებული დოკუმენტი, შეუძლიათ აპოსტილის უნიკალური ნომრისა და გაცემის თარიღის მიხედვით გადაამოწმონ მისი ნამდვილობა.

ერთი დოკუმენტის ლეგალიზაცია/აპოსტილით დამოწმება რვა სამუშაო დღის განმავლობაში 20 ლარი ღირს. სამოქალაქო რეესტრი დოკუმენტების დამოწმების კუთხით, მოსახლეობას დაჩქარებულ მომსახურებასაც სთავაზობს. დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება ოთხ სამუშაო დღეში 40 ლარი ღირს, მეორე დღეს - 70 ლარი, ხოლო იმავე დღეს 100 ლარი.