საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ლათინური ნოტარიატის კავშირის მესამე საერთაშორისო კონგრესში მონაწილეობს

თარიღი: 23 მარტი 2011

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ნინო ხოფერია 23-25 მარტს კუბის დედაქალაქ ჰავანაში დაგეგმილ ლათინური ნოტარიატის საერთაშორისო კავშირის   მესამე საერთაშორისო კონგრესსა და კუბელი ნოტარიუსების მერვე საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.

კონგრესის მთავარი თემაა სამართლებრივი უსაფრთხოება და დღევანდელ მსოფლიოში  მასთან დაკავშირებული არსებული პრობლემები. კონგრესზე განიხილავენ, აგრეთვე, სანოტარო ბიუროების კომპიუტერიზაციის პროცესსა და უძრავი ქონების სარეგისტრაციო სისტემებთან დაკავშირებულ საკითხებს.

კუბელი ნოტარიუსების მერვე საერთაშორისო კონფერენციის მთავარ თემას კი ნოტარიუსთა საქმიანობისას წარმოშობილი პრობლემები წარმოადგენს.

26 მარტს კი დაგეგმილია შეხვედრა  ლათინური ნოტარიატის საერთაშორისო კავშირის ამერიკის საქმეთა კომისიის წევრებთან.

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე კოლეგებს ქართული ნოტარიატის მიღწევებს, კანონმდებლობასა და სანოტარო საქმიანობაში დანერგილ ცვლილებებსა და სიახლეებს გააცნობს.

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ლათინური ნოტარიატის საერთაშორისო კავშირში 2007 წლიდან გაწევრიანდა და ხშირად მონაწილეობს კავშირის წევრი ქვეყნების საერთაშორისო კონფერენციებში. წელს პალატა ნოტარიუსთა მსოფლიო ქსელშიც ჩაერთო, რაც ქართველ ნოტარიუსებს საშუალებას აძლევს, გაეცნონ სხვა ქვეყნების სანოტარო სისტემას, გაიზიარონ კოლეგების გამოცდილება და მათაც გააცნონ ქართული ნოტარიატის მიღწევები და სიახლეები.