საქართველოს შვედეთის ბიზნესის ისტორიის ცენტრის დელეგაცია ეწვია

თარიღი: 21 მარტი 2011

შვედეთის ბიზნესის ისტორიის ცენტრი საქართველოში ძმები ნობელების მოღვაწეობის ისტორიის შესწავლას იწყებს. ამ მიზნით ცენტრის დელეგაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს ეწვია, შვედი სპეციალისტები იმ დოკუმენტებს გაეცნობიან, რომლებიც საქართველოს ეროვნულ არქივსა და ბათუმის ნობელის ტექნოლოგიურ მუზეუმშია დაცული, მასალები ასახავს 1870-1922 წლებში შვედური კომპანიების საქმიანობას ჩვენს ქვეყანაში.

შვედეთის ბიზნესის ისტორიის ცენტრის დელეგაციას ცენტრის დირექტორი ალექსანდერ ჰიუსბაი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან: ნობელის საზოგადოების ხელმძღვანელი თომას ტიდენი, ბიზნესის ისტორიის ცენტრის კვლევის ჯგუფის უფროსი პერ დალი, პროგრამის მენეჯერი ჰანს გუსტაფსონი და ბიზნესის ისტორიის ცენტრის არქივისტი ვადიმ აზბელი.

21 მარტს დელეგაციის წევრები შეხვდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეს გიორგი ვაშაძეს, ეროვნული არქივის გენერალურ დირექტორს თეონა იაშვილს და გაეცნენ ეროვნულ არქივში დაცულ დოკუმენტებს. დღესვე ეროვნულ არქივსა და შვედეთის ბიზნესის ისტორიის ცენტრს შორის გაფორმდა წინასწარი შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობას ძმები ნობელებისა და შვედური კომპანიების საქართველოში მოღვაწეობის ისტორიის შესწავლის კუთხით.

22-23 მარტს დელეგაციის ვიზიტი ბათუმში გაგრძელდება, სადაც შვედი ექსპერტები გაეცნობიან ნობელის ტექნოლოგიური მუზეუმის ექსპონატებს და შეხვდებიან აჭარის ავტონომური რესპუბლიკის თავმჯდომარეს ლევან ვარშალომიძეს. შეხვედრები გაიმართება კულტურისა და ძეგლთა დაცვის, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებშიც.

აღსანიშნავია, რომ ძმები ნობელების ისტორიის შესწავლის პროექტის ფარგლებში შვედეთის ბიზნესის ისტორიის ცენტრი თანამშრომლობდა აზერბაიჯანის ეროვნულ არქივთანაც. საქართველოში მუშაობის დასრულების შემდეგ, 2011 წლის მაისში ორივე ქვეყანაში მოპოვებული მასალები გამოიცემა, ხოლო შემდეგ განთავსდება სპეციალურ ვებ-გვერდზე.