ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

თარიღი: 21 მარტი 2011

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტომ ევროკომისიის ტექნიკური დახმარებისა და ინფრომაციის გაცვლის პროექტთან (TAIEX) თანამშრომლობით სასტუმრო „რედისონში“ ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის ფარგლებში ევროკომისიის პროექტის ექსპერტებმა კიბერ უსაფრთხოებაზე, კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი რეაგირების ჯგუფების (CERTS) ფუნქციონირებაზე, საჯარო და კერძო სექტორში ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტიზირებული პოლიტიკის დანერგვის საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება.

ვორქშოპს ესწრებოდნენ სხვადასხვა სამინისტროებში ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებაზე პასუხისმგებელი ხელმძღვანელი პირები, ასევე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები საფინანსო, სადაზღვევო, სატელეკომუნიკაციო კომპანიებიდან.

 „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა ქვეყანაში ინფორმაციული უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესება და მისი მუდმივი მონიტორინგი.  დღეს ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ერთად, რომლებსაც პრაქტიკული გამოცდილება და ცოდნა აქვთ ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან მიმართებაში, როგორც საჯარო, ისე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისთვის გავმართეთ ე.წ. „ვორქშოპი“, რომლის დროსაც გაზიარებულ იქნა ევროკავშირის ქვეყნებში დღეისათვის არსებული მდგომარეობა, მათ მიერ ინფორმაციული უსაფრთხოების თვალსაზრისით ჩატარებული სამუშაო, ასევე განვიხილეთ კონკრეტული მაგალითები თუ თითოეულმა ორგანიზაციამ როგორ დაიცვას თავი კიბერ ინციდენტებისგან, მოახდინოს მათი სწორი ანალიზი და რეგისტრირება.  საბოლოო ჯამში ეს გაზრდის ჩვენი ქვეყნის ინფორმაციულ მდგრადობას სხვადასხვა პოტენციური კიბერ საფრთხეების დროს, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციების გამართულ და ეფექტურ მუშაობას,“ - განაცხადა შეხვედრის გახსნისას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი გვენეტაძემ.

ვორქშოპში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში ჩამოვიდნენ ევროპის ქვეყნების ლიდერები ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში - ლიტვიდან, პოლონეთიდან და შვედეთიდან.

პოლონეთის კრიტიკული ინფორმაციისა და ინფრასტრუქტურის დაცვის სამთავრობო ცენტრის წარმომადგენლმა მიროსლავ მეიმ კმაყოფილება გამოთქვა, რომ იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს და ევროკომისიის TAIEX-ის პროექტის დახმარებით საშუალება მიეცა გამოცდილება გაეზიარებინა ქართველი პარტნიორებისთვის.  „დღეს თითოეული ქვეყნისთვის ინფორმაციული უსაფრთხოების გამართული სისტემის ქონას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს.  ამდენად, ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს კოლეგებს ინფორმაციული უსაფრთხოების თანამედროვე ნორმების შესახებ,“ - განაცხადა  მიროსლავ მეიმ.