ვაშინგტონში, USAID-ის ცენტრალურ ოფისში იუსტიციის სამინისტროში განხორციელებული რეფორმების პრეზენტაცია გაიმართა

თარიღი: 18 მარტი 2011

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ, 17 მარტს, ვაშინგტონში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ცენტრალურ ოფისში იუსტიციის სამინისტროში განხორციელებული რეფორმების შედეგების პრეზენტაცია წარმოადგინა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

შეხვედრას ოცზე მეტი ქვეყნის სახელისუფლებო წრის წარმომადგენლები   ესწრებოდნენ, რომლებიც სახელმწიფო სექტორის რეფორმის მიმდინარეობაში არიან ჩართულები.

ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ იუსტიციის სამინისტროს სფეროში განხორციელებული რეფორმები,  ID ბარათების პროექტი და იუსტიციის სახლების კონცეფცია გააცნო.

იუსტიციის სამინისტროში არა ერთი ფართომასშტაბიანი პროექტი განხორციელდა: დაიწყო ბიომეტრული პასპორტების გაცემა, მოქალაქეებს საშუალება აქვთ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ რეჟიმში მიიღონ პასპორტები, განმეორებითი მოწმობები და სხვა დოკუმენტები.

სამოქალაქო რეესტრი მიმდინარე წელს მუშაობის სრულიად ახალ ეტაპზე გადადის. 2011 წლის ზაფხულიდან საქართველოში ელექტრონული პირადობის მოწმობების გაცემა იწყება. ID ბარათები არსებითად შეცვლის სახელმწიფო და კერძო სექტორის ურთიერთობას მოქალაქეებთან.

იუსტიციის სამინისტროში მუშავდება სრულიად ახალი კონცეფცია - იქმნება იუსტიციის სახლები, სადაც მოქალაქეს ერთ სივრცეში შეეძლება სახელმწიფო სექტორში არსებული სერვისების მიღება. გარდა ამისა, ამავე სახლებში იქნება განთავსებული კერძო სექტორიც.

შეხვედრამ ინტენსიური დიალოგის რეჟიმში ჩაიარა. ღონისძიების მონაწილეებმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სფეროში განხორციელებული რეფორმები დადებითად შეაფასეს.

აღსანიშნავია, რომ უახლოეს მომავალში, ყოფილი საბჭოთა კავშირის და აფრიკული ქვეყნებიდან საქართველოს სამთავრობო დელეგაციები ესტუმრება და საჯარო სექტორში მიმდინარე რეფორმებს ადგილზე დეტალურად გაეცნობა.