მოქალაქემ რეგისტრაცია ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართის მიხედვით უნდა გაიაროს

თარიღი: 16 მარტი 2011

იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს რეგისტრაცია გაიარონ ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართის მიხედვით.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დღეს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი გაბრიელაშვილმა პრესკონფერენცია გამართა. მისი თქმით, რეალური საცხოვრებელი მისამართის მიხედვით რეგისტაცია აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოქალაქე შესაძლებელია რეგისტრაციიდან ბინის ახალმა მესაკუთრემ მოხსნას, რის გამოც მას გაუუქმდება პირადობის მოწმობა.

"ამ დროისთვის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მონაცემთა ბაზაზე წვდომა სულ უფრო მეტ უწყებასა და კომპანიას გააჩნია, რის საფუძველზეც ხდება მოქალაქის პირადობის მოწმობის სტატუსის დადგენა, გაუქმებული საბუთით კი ადამიანი ვეღარ ისარგებლებს სხვადასხვა დაწესებულების მომსახურებებით" - განაცხადა გიორგი გაბრიელაშვილმა.  

აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო რეესტრმა სამართლებრივი ცვლილებები განახორციელა იმ ადამიანების დასახმარებლად, რომლებსაც ბინის საკუთრების დამადასტურებელი  დოკუმენტი არ გააჩნიათ, ვერ ხსნიდნენ რეგისტრაციიდან იმ პირებს, რომლებიც არ ცხოვრობდნენ მათ საცხოვრებელ ფართში და ამის გამო ზედმეტი კომუნალური გადასახადები მისდიოდათ.

ცვლილების თანახმად, ამ ადამიანებს სამოქალაქო რეესტრში შეუძლიათ განცხადების დაწერა, რის შემდეგაც მოხდება შესაბამისი გამოკვლევა, დადგინდება რეალურად რამდენი ადამიანი ცხოვრობს მისამართზე და ვინც არ ცხოვრობს კონკრეტულ ბინაში მოიხსნება რეგისტრაციიდან.