იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტები პრაქტიკის გავლას მთავარ პროკურატურაში შეძლებენ

თარიღი: 16 მარტი 2011

16 მარტს, საქართველოს მთავარ პროკურატურაში პრაქტიკის გავლის მსურველთათვის ღია კარის დღე მოეწყო. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის

სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას უნივერსიტეტისა და კავკასიის სამართლის სკოლის სტუდენტებს იუსტიციის სასწავლო ცენტრმა უმასპინძლა.

ცენტრის დირექტორმა, ნინო ბერუაშვილმა სტუმრებს კონკურსის პირობები კიდევ ერთხელ განუმარტა და მათ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

პროკურატურაში პრაქტიკების გავლის შესაძლებლობა ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის დამამთვარებელი კურსის სტუდენტებს ეძლევათ.

კონკურსი 29 მარტს იწყება და ორ ეტაპად ჩატარდება. ტესტირებისა და გასაუბრების შედეგად შერჩეული 25 მაგისტრანტი და 10 ბაკალავრი  პრაქტიკებს  მთავარ პროკურატურაში გაივლის.

სწავლების თეორიული ნაწილის დასრულების შემდეგ მომავალი იურისტები პროკურორებთან გადანაწილდებიან სამუშაოდ  და მათგან შეიძენენ ყოველდღიური მუშაობისათვის საჭირო ცოდნასა და გამოცდილებას, რაც მათთვის პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავების საუკეთესო საშუალება იქნება.

მთავარ პროკურატურაში პრაქტიკების გავლის შესაძლებლობა სტუდენტებს მიმდინარე წელს პირველად ეძლევათ.