ევროკავშირის ექსპერტები პროკურორებს გამოცდილებას უზიარებენ

თარიღი: 15 მარტი 2011


საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ევროკავშირის მხარდაჭერით კიდევ ერთ ახალ პროექტს იწყებს. განრიდება - პასუხისმგებლობის ალტერნატიული ფორმაა, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში ეფექტურად მოქმედებს. ახალი პროექტის შესახებ პრეზენტაცია ქართველი პროკურორებისთვის დღეს უცხოელმა ექსპერტებმა გამართეს.

ჰოლანდიელი და ავსტრიელი პროკურორები დატო სტინჰოისი და მიხაელ შონი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით ევროკავშირის პროექტის - „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა" - ფარგლებში ეწვივნენ. მთავარ პროკურატურაში ექსპერტებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები სასჯელის ალტერნატიული სახეობების, არასაპატიმრო სასჯელის ჰოლანდიური და ავსტრიული მოდელების შესახებ.

განრიდება წარმოადგენს პასუხისმგებლობის ალტერნატიულ ფორმას, რომელიც გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ პირი, რომლის მიმართაც იწყება ან მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის, თანახმაა:

  • დააბრუნოს უკანონოდ მოპოვებული ქონება ან აანაზღაუროს მისი ღირებულება;
  • სრულად ან ნაწილობრივ აანაზღაუროს მიყენებული ზიანი;
  • გადაიხადოს ფულადი გადასახდელი სახელმწიფოს სასარგებლოდ ან შეასრულოს საზოგადოებისათვის სასარგებლო სამუშაო.

ამ პირობების შესრულების შემთხვევაში, პროკურორი უფლებამოსილია, არ დაიწყოს ან შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა, შესაბამისად, საქმე მთავრდება ნასამართლობისა და სისხლისსამართლებრივი სასჯელის გარეშე.

პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია და მუშაობა ჯგუფებში. ქართველმა პროკურორებმა ჰოლანდიელ და ავსტრიელ კოლეგებთან ერთად განიხილეს სისხლის სამართლის კონკრეტული საქმეები, განრიდების პოზიტიური შედეგები და პრობლემატიკა.

ჰოლანდიელი და ავსტრიელი ექსპერტები პასუხისმგებლობის ალტერნატიული სახეობების, არასაპატიმრო სასჯელის ევროპული მოდელების შესახებ მოსამართლეებთანაც გამართავენ პრეზენტაციებს. გუშინ მსგავსი შეხვედრა საქართველოს პარლამენტში გაიმართა.

სისხლის სამართლის სისტემის რეფორმა და კანონმდებლობის დახვეწა საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სისხლის სამართლის კანონმდებლობის ლიბერალიზაციის თვალსაზრისით, ბოლო პერიოდში იუსტიციის სამინისტრომ არაერთი პროექტი განახორციელა.