განრიდება - პასუხისმგებლობის ალტერნატიული ფორმა ევროკავშირის ქვეყნებში

თარიღი: 14 მარტი 2011

იუსტიციის სამინისტროს ინიციატივითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ეწვივნენ ჰოლანდიელი და ავსტრიელი ექსპერტები - ბატონები დატო სტინჰოისი და მიხაელ შონი, რომლებიც ქართველ კოლეგებს გაუზიარებენ გამოცდილებას პასუხისმგებლობის ალტერნატიული ღონისძიებების შესახებ.

14 მარტს, საქართველოს პარლამენტში, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში შედგა ჰოლანდიური მოდელის - განრიდების  პრეზენტაცია.

განრიდება წარმოადგენს პასუხისმგებლობის ალტერნატიულ ფორმას, რომელიც გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ პირი, რომლის მიმართაც იწყება ან მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, თანახმაა:

  • დააბრუნოს უკანონოდ მოპოვებული ქონება ან აანაზღაუროს მისი ღირებულება;
  • სრულად ან ნაწილობრივ აანაზღაუროს მიყენებული ზიანი;
  • გადაიხადოს ფულადი გადასახდელი სახელმწიფოს სასარგებლოდ ან შეასრულოს საზოგადოებისათვის სასარგებლო სამუშაო.

ამ პირობების შესრულების შემთხვევაში, პროკურორი უფლებამოსილია, არ დაიწყოს ან შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა, შესაბამისად, საქმე მთავრდება ნასამართლობისა და სისხლისსამართლებრივი სასჯელის გარეშე.

განრიდების ფარგლებში დაცულია დაზარალებულის კანონიერი უფლებები და საზოგადოების ინტერესები.

განრიდების დანერგვას თან ახლავს მნიშვნელოვანი პოზიტიური შედეგები, ესენია:

  • კანონდამრღვევთა დაინტერესება - პასუხისმგებლობით ნასამართლობის გარეშე;
  • საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აქტუალიზაცია;
  • სახელმწიფო რესურსების დაზოგვა და პროცედურების გამარტივება;
  • სასამართლოს განტვირთვა მცირე მნიშვნელობის საქმეთა განხილვისაგან.