საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით სტაჟიორებისთვის სემინარი ჩატარდა

თარიღი: 11 მარტი 2011

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრის სტაჟიორებისთვის კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელმა ავთანდილ დემეტრაშვილმა  საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით სემინარი გამართა.

ავთანდილ დემეტრაშვილის ლექციას  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები და სასწავლო ცენტრის მოწვეული ლექტორებიც დაესწრნენ.

ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარის ნინო ხოფერიას განცხადებით, ნოტარიუსის სტაჟიორებმა საკონსტიტუციო სამართლის სწავლება უკვე გაიარეს. „დღეს მათ შესაძლებლობა მიეცათ, კონსტიტუციის ერთ-ერთი უშუალო ავტორისგან მიეღოთ ინფორმაცია  საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებული ცვლილებებისა და სიახლეების შესახებ," - აღნიშნა ხოფერიამ.

ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრი გასული წლის აპრილიდან შეიქმნა. მის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას ნოტარიუსის სტაჟიორთა გადამზადება წარმოადგენს.  ამჟამად ცენტრში სწავლებას გადის 45 სტაჟიორი, ისინი კონკურსის შედეგად შეირჩნენ.  სწავლება რვა თვე გრძელდება და მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სწავლებას. თეორიული სწავლება სანოტარო საქმიანობის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმებისა და ნოტარიუსად მუშაობისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების შესწავლას გულისხმობს, პრაქტიკულ კურსს კი სტაჟიორები ნოტარიუსებთან სანოტარო ბიუროებში გაივლიან.