იუსტიციის სამინისტრო მოქალაქეებს კიდევ ერთ პროდუქტ-პაკეტს სთავაზობს

თარიღი: 11 მარტი 2011

იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო მოქალაქეებს ახალ პროდუქტ-პაკეტს სთავაზობს.

აღნიშნული სერვისის შესახებ, დღეს, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი გაბრიელაშვილმა ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, უცხოეთში მყოფ პირებს საშუალება აქვთ დისტანციური მომსახურების სერვისით ისარგებლონ და მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, ონლაინ რეჟიმში გააკეთონ განცხადება ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობის მიღების თაობაზე. ეს ცნობა, ძირითადად, სჭირდებათ საზღვარგარეთ დაქორწინების მსურველ საქართველოს მოქალაქეებს.

ახალი გამარტივებული სერვისის მისაღებად უცხოეთში მყოფმა პირებმა უნდა იხილონ სამოქალაქო რეესტრის ვებ-გვერდი, რომლის მისამართია - www.passport.gov.ge.

პროდუქტ-პაკეტში შედის ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობის აპოსტილით დამოწმება, ლეგალიზაცია და თარგმნა.

"ამ დრომდე საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობის მისაღებად უწევდა რთული და ხანგრძივი პროცედურის გავლა, რაც საკმაოდ დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. იგი უნდა მისულიყო ადგილობრივ ნოტარიუსთან (ან საკონსულო დაწესებულებაში), საქართველოში მყოფ წარმომადგენელზე უნდა გაეფორმებინა მინდობილობა, უნდა დაემოწმებინა აპოსტილით, გამოეგზავნა საქართველოში, ეთარგმნათ საბუთი, წარმომადგენელს უნდა მიეღო ცნობა, დაემოწმებინა აპოსტილით და გაეგზავნა განმცხადებლისთვის" - განაცხადა გაბრიელაშვილმა.

მისი თქმით, ახალი სერვისის ფარგლებში, დისტანციური მომსახურების სამსახურში ონლაინ განცხადების გაკეთების საფუძველზე ცნობა ორი სამუშაო დღის ვადაში  იბეჭდება და იგი 90 ლარი ღირს.  დოკუმენტის აპოსტილით დამოწმობება (ან ლეგალიზაცია) სამ სამუშაო დღეშია შესაძლებელი და ტარიფი 80 ლარით განისაზღვრა.

საზღვარგარეთ მყოფ პირს დაბეჭდილი დოკუმენტის მიღება შეუძლია ფოსტით, ან მინდობილი პირის მეშვეობით. ფოსტით საბუთის გადაგზავნის თანხა საფოსტო გადამზიდველების მიერ რეგულირდება.

მომსახურებასთან დაკავშირებით, კონსულტაციის მისაღებად  მუშაობს საინფორმაციო სამსახური რომლის ნომერია 40 10 10, Skype - passport.gov.ge და email: : online@cra.gov.ge.