საპროცესო გარიგებასთან დაკავშირებულ საკითხებზე პროკურორები, მოსამართლეები და ადვოკატები საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად მსჯელობენ

თარიღი: 11 მარტი 2011

სისხლის სამართლის კანონმდებლობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას - საპროცესო გარიგებას ოთხდღიანი შეხვედრა მიეძღვნა. სემინარს, რომელიც ევროკავშირის პროექტის - „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" - ფარგლებში მიმდინარეობს,  სამართალდამცველი უწყებების წარმომადგენლები, მოსამართლეები და ადვოკატები  ესწრებოდნენ.

სემინარის მონაწილეებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა მეიშვილი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი, და „კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროექტის" ჯგუფის ხელმძღვანელი, მოსამართლე რენატა უინთერი მიესალმნენ.

„საპროცესო გარიგების შემოღებამ ხელი შეუწყო გამოძიების პროცესის სწრაფად და ეფექტურად წარმართვას. ამასთან, როგორც ნებისმიერ რეფორმას, სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმასაც სჭირდება მუდმივი ანალიზი, შედეგების შეჯამება. სწორედ ამ იდეას ემსახურება სემინარი, რომლის მიმდინარეობისას საპროცესო გარიგების პოზიტიურ ნაწილსა და მის შემდგომ დახვეწაზე მსჯელობდნენ მოსამართლეები, პროკურორები და ადვოკატები," - აღინიშნა შეხვედრაზე.

სემინარი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველ დღეს საპროცესო გარიგების პრაქტიკული და ფილოსოფიური საფუძვლები და ყოველდღიური საქმიანობიდან გამომდინარე პრობლემატიკა მოსამართლეებმა განიხილეს. შეხვედრის მეორე დღე საპროცესო გარიგების შესახებ პროკურორების პრეზენტაციებსა და მოსაზრებებს დაეთმო. ამის შემდეგ კი სისხლის სამართლის კონკრეტული საქმეებისას წარმოშობილი პრობლემები და მათი გადაჭრის გზები ადვოკატებმა წარმოადგინეს. გაიმართა დისკუსიები საპროცესო გარიგებისას უშუალოდ დაზარალებულის როლის შესახებ. მოსაზრებები ერთმანეთს გაუზიარეს პროცესში მონაწილე ყველა მხარემ: პროკურორმა, ადვოკატმა  და მოსამართლემ.

საერთაშორისო წარმატებული გამოცდილება სემინარის მონაწილეებს ევროკავშირის ექსპერტებმა - მოსამართლეებმა შერინ ფიშერმა და რენატა უინთერმა გაუზიარეს.