მონაცემთა გაცვლის სააგენტომ 42-ე ფიზიკა-მათემატიკურ საჯარო სკოლაში სალექციო კურსი დაიწყო

თარიღი: 10 მარტი 2011

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სალექციო კურსების ციკლი ი. ვეკუას სახელობის თბილისის 42-ე ფიზიკა-მათემატიკური საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის  თანამედროვე ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საინტერესო თემატიკას შეეხება.

კურსი ყოველთვიურად თითო ლექციას ითვალისწინებს, რომელსაც სააგენტოს თანამშრომლები სპეციალურად მოსწავლეებისთვის შედგენილი პროგრამის მიხედვით ჩაატარებენ.

სალექციო კურსის დროს მოსწავლეები გაეცნობიან თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების დანიშნულებას და მათი მრავალმხრივი გამოყენების საშუალებებს.  თემატიკა ასევე ითვალისწინებს კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარების ისტორიას;  ინტერნეტის, როგორც თანამედროვე ცხოვრების განუყოფელი ნაწილის მნიშვნელობას მისი შექმნიდან დღემდე;  ელექტრონული მონაცემების დანიშნულებას - მათი შენახვის, გამოყენებისა და გავრცელების საშუალებებს;  კიბერ-უსაფრთხოების ძირითად საფუძვლებს;  ასევე საინფორმაციო ტექნოლოგოების სფეროში მომუშავე კომპანიებისა და პიროვნებების წარმატების ისტორიებს.

„ჩვენი სააგენტოს ძირითადი დანიშნულებაა საქართველოში ელექტრონული მმართველობის განვითარების საკითხების კოორდინირება, მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურის შექმნა, ერთიანი სამთავრობო ქსელის ჩამოყალიბება და მონიტორინგი, საჯარო სექტორში ინფორმაციულ და საკომუნიკაციო სფეროსთან დაკავშირებული სტანდარტების შემუშავება, ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის ჩამოყალიბება, მისი გატარება და სხვა," - განაცხადა მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი გვენეტაძემ.

ირაკლი გვენეტაძის თქმით, „სააგენტოს საქმიანობიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ზოგადად საინფორმაციო ტექნოლოგიები ნებისმიერი განვითარებული ქვეყნისთვის დღეისათვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, გადავწყვიტეთ ჩვენს მომავალ თაობებს პოპულარული ენით ავუხსნათ საინფორმაციო ტექნოლოგიების მნიშვნელობა, ვესაუბროთ ინფორმაციულ უსაფრთხოებაზე, მოვუყვეთ მსოფლიო მასშტაბის კომპანიებისა და მათი ხელმძღვანელების წარმატების ისტორეიბი და სხვა.  ფიზიკა-მათემატიკური სკოლა  იმიტომ შევარჩიეთ, რომ ამ პროფილის მოსწავლეების უმრავლესობა ჩვენი სააგენტოს საქმიანობის სფეროსთან იქნება დაკავშირებული."

ი. ვეკუას სახელობის თბილისის 42-ე ფიზიკა-მათემატიკური საჯარო სკოლის ხელმძღვანელობაც მიესალმა  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ინიციატივას.  „სკოლის პროფილიდან გამომდინარე, მოსწავლეებისთვის საინტერესო იქნება წარმოდგენილი თემატიკა.  მიღებული ინფორმაცია კი მათ დაეხმარება სამომავლო წარმატებების მიღწევაში," - განაცხადა სკოლის დირექტორმა ალუდა გოგლიჩიძემ.