თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამოქალაქო რეესტრის პროექტების პრეზენტაცია გაიმართა

თარიღი: 10 მარტი 2011

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დღეს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ეწვია და სამოქალაქო რეესტრში გატარებული რეფორმებისა და სამომავლო პროექტების პრეზენტაცია გამართა. სტუდენტებთან ერთად შეხვედრას ესწრებოდნენ  ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი და იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ირაკლი ბურდული.

უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს გიორგი ვაშაძემ იუსტიციის სამინისტროს სფეროში განხორციელებული რეფორმები და იუსტიციის სახლების კონცეფცია გააცნო.

მინისტრის მოადგილემ იუსტიციის სამინისტროში განხორციელებული არა ერთი ფართომასშტაბიანი პროექტის შესახებ ისაუბრა. კერძოდ, დაიწყო ბიომეტრული პასპორტების გაცემა, მოქალაქეებს საშუალება აქვთ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ რეჟიმში მიიღონ პასპორტები, განმეორებითი მოწმობები და სხვა დოკუმენტები, დაიწყო მუშაობა ე.წ. საუკუნის – დამისამართების პროექტზე.

2011 წლის ზაფხულიდან საქართველოში ელექტრონული პირადობის მოწმობების გაცემა იწყება. ID ბარათები არსებითად შეცვლის სახელმწიფო და კერძო სექტორის ურთიერთობას მოქალაქეებთან.

იუსტიციის სამინისტროში მუშავდება სრულიად ახალი კონცეფცია – იქმნება იუსტიციის სახლები, სადაც მოქალაქეს ერთ სივრცეში შეეძლება სახელმწიფო სექტორში არსებული სერვისების მიღება. გარდა ამისა, ამავე სახლებში იქნება განთავსებული კერძო სექტორიც.

შეხვედრის ბოლოს წარმოდგენილ თემებთან დაკავშირებით, დისკუსია გაიმართა.