ეროვნულ არქივში 12 სტაჟიორი დასაქმდა

თარიღი: 09 მარტი 2011

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში სტაჟირების მორიგი პროგრამა დასრულდა. მასში მონაწილე წარმატებულ სტაჟიორებს ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა დღეს სერტიფიკატები გადასცა.

"მოხარული ვარ, რომ სტაჟირების პროგრამა წარმატებით დაძლიეთ. ამის დასტურია ის ფაქტი, რომ 12 თქვენგანი ეროვნული არქივის სისტემაში დასაქმდა. იმედს გამოვთქვამ, აქ მიღებული გამოცილება სამომავლოდ დაგეხმარებათ კარიერულ წინსვლაში", - აღნიშნა თეონა იაშვილმა.

სტაჟირების 6-თვიანი პროგრამა ეროვნულ არქივში 2010 წლის სექტემბერში დაიწყო. ტესტირებისა და გასაუბრების შედეგად შერჩეული იყო 32 კანდიდატი, მათ შორის 7 - ქუთაისის ცენტრალურ არქივში სტაჟირების გასავლელად. სტაჟიორთა შორის იყვნენ უმაღლესი განათლების მქონე პირები და უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები.

საისტორიო, უახლესი ისტორიის, კინოფოტოფონოდოკუმენტების, ქუთაისის ცენტრალურ არქივებში, რესტავრაციისა და მიკროფოლმირების ლაბორატორიისა და ეროვნული არქივის ცენტრალურ აპარატში სტაჟიორებს თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარდათ.

არსებულ ვაკანტურ ადგილებზე მათ შორის ყველაზე წარმატებული 12 სტაჟიორი დაინიშნა, 5 სტაჟიორი ქუთაისის არქივში დასაქმდა.

ეროვნულ არქივში სტაჟირების ახალ პროგრამაში მონაწილეობის მსურველთათვის კონკურსი აპრილშიც გამოცხადდება.