მენეჯმენტის კურსი იუსტიციის სამინისტროს მენეჯერებისთვის

თარიღი: 09 მარტი 2011

იუსტიციის სამინისტროში მენეჯმენტის ტრენინგი დაიწყო. სამინისტროს შუა და მაღალი რგოლის მენეჯერებისთვის სწავლებას აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს  (USAID) ექსპერტი ტერეზა პალმერი უძღვება.

იუსტიციის სასწავლო ცენტრში მიმდინარე ტრენინგის ფარგლებში იუსტიციის სამინისტროს მენეჯერები მენეჯმენტის თანამედროვე მიდგომებსა და თანამშრომელთა მართვის ეფექტურ სტრატეგიებს ეცნობიან. სემინარებზე განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა - დელეგირება, დროის მენეჯმენტი, თანამშრომელთა მოტივირება, მათი საქმიანობის შეფასება  და სხვ.

საჯარო სემინარების გარდა, სწავლება ინდივიდუალურ რეჟიმსაც გულისხმობს. ტრენინგის ბოლოს მონაწილეები ექსპერტთან შეხვედრებს გამართავენ, რომლის დროსაც სამინისტროს მენეჯერებს საშუალება მიეცემათ, კონკრეტული, მათთვის აქტუალური საკითხები განიხილონ ტერეზა პალმერთან და მისგან პრაქტიკული რეკომენდაციები მიიღონ.

ტრენინგი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტის - World Learning Forecast-ის დახმარებით ხორციელდება. სწავლების პირველი ეტაპი ხუთდღიანია და ის 11 მარტამდე გასტანს. მენეჯმენტის ტრენინგები მომავალშიც გაგრძელდება და მას იუსტიციის სამინისტროს ყველა მენეჯერი გაივლის.