''საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს'' ვებგვერდის პრეზენტაცია ნოტარიუსთა პალატაში

თარიღი: 09 მარტი 2011

9 მარტს საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში იუსტიციის სამინისტროს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს" განახლებული ვებგვერდის  პრეზენტაცია გაიმართა.

საკანონმდებლო მაცნეს ხელმძღვანელი გიორგი წიკლაური ნოტარიუსებს განახლებული ვებგვერდის (www.matsne.gov.ge) ელექტრონულ სერვისებზე ესაუბრა: „საიტზე განთავსებულია, ყველა ნორმატიული აქტი, აგრეთვე, საერთაშორისო ხელშეკრულებები. მოხერხებული საძიებო სისტემა საშუალებას აძლევს ყველა მომხმარებელს, მოძებნოს მისთვის სასურველი კანონის ელექტრონული ვერსია, (კოდიფიცირებული) აქამდე ამ ინფორმაციის მოძიება მხოლოდ ბეჭდური ფორმით იყო შესაძლებელი", - განაცხადა გ. წიკლაურმა.

ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარის ნინო ხოფერიას თქმით, საკანონმდებლო მაცნეს ელექტრონული სერვისი ძალიან მნიშვნელოვანია ნოტარიუსების საქმიანობისთვის, ყველა საკანონმდებლო ცვლილება თუ არსებული საკანონმდებლო ბაზა ონლაინ-რეჟიმშია შესაძლებელი, რაც მოქალაქეთა მომსახურებას ხშირად მარტივს ხდის.

„საკანონმდებლო მაცნეს" ხელმძღვანელმა ნოტარიუსებს სამომავლო გეგმებიც გააცნო. საიტის ელექტრონული ვერსია დროთა განმავლობაში მთლიანად ჩაანაცვლებს „მაცნეს" ბეჭდურ გამოცემას.

საკანონმდებლო მაცნეს ქართულენოვანი ვებგვერდი, ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის უკვე ხელმისაწვდომია. მიმდინარეობს მუშაობა საიტის ინგლისურ ვერსიაზეც.

მსგავსი პრეზენტაციის მოწყობას ელექტრონული სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, „საკანონმდებლო მაცნეს" წარმომადგენლები სხვა მომხმარებლებისთვისაც გეგმავენ.

პრეზენტაციები გაიმართება, როგორც სახელმწიფო დაწესებულებების თანამშრომლებისთვის, ასევე სტუდენტებისათვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და იურიდიული საკითხებით დაინტერესებული ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკანონმდებლო მაცნე ნორმატიულ აქტებს ახალ ფორმატში ვებ-გვერდზე - matsne.gov.ge 2011 წლის 1 იანვრიდან აქვეყნებს, რომელთაც ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, იურიდიული ძალა აქვთ.