საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მიმდინარე რეფორმებს ყირგიზეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გაეცნო

თარიღი: 03 მარტი 2011

2011 წლის 3 მარტს, საქართველოს  იუსტიციის სამინისტროს ყირგიზეთის რესპუბლიკის დელეგაცია ეწვია. ვიცეპრემიერ შამილ ატახანოვს და დელეგაციის წევრებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ, მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ და მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ უმასპინძლეს.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელმა პირებმა ყირგიზეთის ვიცეპრემიერს გააცნეს უწყებაში წარმატებით განხორციელებული რეფორმები, ასევე სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები - როგორ მოახერხეს ქართველმა სამართალდამცველებმა კრიმინალური ვითარების გამოსწორება, კორუფციისა და ქურდული სამყაროს დამარცხება; მომსახურების სფეროში მაღალი სტანდარტების დანერგვა და ამით მოქალაქეთათვის სერვისების გამარტივება.

ყირგიზეთის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებმა სამოქალაქო და საჯარო რეესტრების ტერიტორიული სამსახურები მოინახულეს და სერვისცენტრებში დანერგილ მომსახურების სტანდარტებს ადგილზე გაეცნენ - ერთი ფანჯრის პრინციპი, სარეგისტრაციო პროცედურები, ონლაინ-სერვისები ამ და სხვა ნოვაციების დანერგვით საქართველოში მნიშვნელოვნად გამარტივდა ბიზნესისა და ქონების რეგისტრაცია. რეგისტრაციისთვის საჭირო ხარჯების, დროისა და დოკუმენტების რაოდენობის შემცირებამ განაპირობა ბოლო წლებში ბიზნესის კეთების კუთხით მსოფლიოში საქართველოს მაღალი რეიტინგი.

ყირგიზეთის რესპუბლიკის დელეგაცია საქართველოში 1 მარტიდან იმყოფება. ვიზიტის მიზანია საქართველოს სახელმწიფო უწყებებში წარმატებულად განხორციელებული რეფორმების გაცნობა და ამ კუთხით საქართველოს გამოცდილების გაზიარება. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამსახურების გარდა, სტუმრებმა შინაგან საქმეთა, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების, აგრეთვე  - ევროპულ და ევროატლანტიკურ  სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში გამართეს შეხვედრები.