ელექტრონული პირადობის მოწმობის დიზაინის კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდა

თარიღი: 02 მარტი 2011

ელექტრონული პირადობის მოწმობის დიზაინის კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდა. ერთ-ერთმა კონკურსანტმა ბაჩა მალაზონიამ ID ბარათის საუკეთესო ესკიზი წარმოადგინა. დღეს, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ ახალი პირადობის მოწმობის სამუშაო ვარიანტის პრეზენტაცია გამართა.  

ელექტრონული პირადობისა და ბინადრობის მოწმობების დიზაინზე კონკურსი გასული წლის დეკებერში გამოცხადდა, რომელშიც მონაწილეობა 400-მდე მოქალაქემ მიიღო. წარმოდგენილი იყო 1000-ზე მეტი ნამუშევარი.

როგორც გიორგი ვაშაძემ განაცხადა, გასული წლის დეკემბერში გამოცხადდა კონკურსი პირადობისა და ბინადრობის მოწმობების დიზაინის შესაქმნელად და ძალიან ინტენსიური სამუშაოს შედეგად გამოვლინდა გამარჯვებლი. "ბაჩა მალაზონიას დიზაინში წარმოდგენილია ქართული ელემენტები - ჰერალდიკა, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობისთვის. გარდა ამისა, საკონკურსო მოთხოვნის თანახმად, მოწმობა თანამედროვე დიზაინის უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ ბარათი არის ძალიან თანამედროვე. სწორედ ამ კრიტერიუმების მიხედვით გამოვლინდა გამარჯბვებული," - განაცხადა ვაშაძემ.

ბაჩა მალაზონია თქმით, "განსაკუთრებით სასიამოვნო და საპასუხისმგებლო იყო  კონკურსში მონაწილეობის მიღება, რადგან ფასეულია როდესაც შენი კოლეგების ნამუშევრებს შორის საუკეთესოდ შენს ვერსიას მიიჩნევენ".

ცნობისთვის, ბაჩა მალაზონია არის საქართველოს მოქალაქის პასპორტისა და ეროვნული ვალუტის კუპიურების თანაავტორიც.

ელექტრონული პირადობის მოწმობების გაცემა მიმდინარე წლის ზაფხულიდან დაიწყება. ID ბარათები არსებითად გაამარტივებს სახელმწიფო და კერძო სექტორის ურთიერთობას მოქალაქეებთან. მოწმობას ექნება ინფორმაციის ორი ელექტრონული მატარებელი, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს სხვადასხვა მომსახურებით სახლიდან გაუსვლელად ისარგებლონ.

ახალი მოწმობა პლასტიკური ბარათის ტიპის იქნება, რომელზეც  ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატი იქნება განთავსებული. ქვეყანაში ელექტრონული ხელმოწერის ამოქმედებით, დროთა განმავლობაში, ქაღალდით საქმისწარმოებას მთლიანად ელექტრონული დოკუმენტბრუნვა ჩაანაცვლებს.