კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

თარიღი: 28 თებერვალი 2011

2011 წლის 28 თებერვალს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე განიხილეს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შესრულების 2010 წლის ანგარიში. სხდომას უძღვებოდა საქართველოს იუსტიციის მინისტრი, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე, ბატონი ზურაბ ადეიშვილი. სხდომას ესწრებოდნენ საკოორდინაციო საბჭოს წევრები, სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სხდომაზე განიხილეს 2010 წლის განმავლობაში კორუფციასთან ბრძოლის კუთხით განხორციელებული ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები და მიღწეული შედეგები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის ამოქმედება, თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ელექტრონიზაცია, სახელმწიფო სტრუქტურებში „ერთი სარკმლის" პრინციპის დანერგვა, საბაჟო-საგადასახადო სისტემის გაუმჯობესება, აგრეთვე აღსრულების სფეროში განხორციელებული ცვლილებები და სხვ.

საკოორდინაციო საბჭოს ასევე წარედგინა „საერთაშორისო გამჭვირვალობის"  „გლობალური კორუფციის ბარომეტრის" 2010 წლის კვლევის შედეგები, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით კორუფციის მიმართ ხალხის დამოკიდებულებასა და მათ გამოცდილებას აფასებს.
2010 წლის ანგარიშის მიმოხილვის შემდეგ საბჭოს წევრებმა წარმოადგინეს საკუთარი კომენტარები. მათ მიერ დადებითად იქნა შეფასებული 2010 წელს განხორციელებული ღონისძიებები. აღინიშნა, რომ ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შესრულების 2010 წლის ანგარიში უნდა წარედგინოს საქართველოს მთავრობასა და პრეზიდენტს.

სხდომა შეაჯამა საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ და განაცხადა, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა კვლავ რჩება სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად, რაც ახალი რეფორმებისა და ცვლილებების საჭიროებას განაპირობებს.