შვედეთის სააღსრულებო სააგენტოს ექსპერტები საქართველოს სტუმრობენ

თარიღი: 28 თებერვალი 2011

იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროს შვედეთის სააღსრულებო სააგენტოს ექსპერტები ეწვივნენ. შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პარტნიორობის პროექტის ფარგლებში, პირველი სამუშაო შეხვედრა  გაიმართა. შეხვედრას აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე - ნიკა მელია, შვედეთის სააღსრულებო სააგენტოს დირექტორი აღსრულების საკითხებში - სვენ კილგრენი, აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი პირები და შვედეთის სააღსრულებო სააგენტოს ექსპერტები დაესწრნენ. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ განხორციელებული რეფორმების შესახებ პრეზენტაცია გააკეთა და შვედ კოლეგებს ბიუროში დაგეგმილი სიახლები გააცნო.

შვედი ექსპერტები, აღსრულების ეროვნულ ბიუროში მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების ანალიზის საფუძველზე, ბიუროს განვითარების მხარდაჭერისა და ხელშეწყობის მიზნით, პროექტის აქტივობებს დეტალურად გაწერენ. ასევე საკანონმდებლო და სააღსრულებლო წარმოების, სტრაგეტიული და ადამიანური რესურსების მართვის, ქონების შეფასებისა და სხვა ორგანიზაციული საკითხების შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრებს გამართავენ.

სამუშაო შეხვედრები მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. შვედეთის სააღსრულებო სააგენტოს ექსპერტები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების შესახებაც მიიღებენ ინფორმაციას, ეწვევიან საჯარო და სამოქალაქო რეესტრებს და გაეცნობიან განხორციელებულ რეფორმებს.

შეხვედრების დროს მოძიებული ინფორმაციის ანალიზს და მიღებულ შედეგებს შვედი ექსპერტები აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელ პირებთან ერთად პარასკევს, 4 მარტს აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაგეგმილ შემაჯამებელ სემინარზე განიხილავენ.