პროკურატურის ორგანიზებით გორის საჯარო სკოლებს შორის ძიუდოში შეჯიბრი გაიმართა

თარიღი: 22 იანვარი 2011

2011 წლის 22 იანვარს გორის რაიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შორის ძიუდოში ერთდღიანი ღია პირველობა გაიმართა. შეჯიბრი გორის სპორტული სკოლის დარბაზში საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით ჩატარდა.

ტატამზე პირველობისთვის 8 წონით კატეგორიაში ერთმანეთს გორის, კასპის, ხაშურის და ქარელის საჯარო სკოლების 100-მდე მოსწავლე ეჯიბრებოდა.  პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ მონაწილეებს გამარჯვება გორის რაიონულმა პროკურორმა ნიკოლოზ დგებუაძემ მიულოცა. მან პრიზიორებს მედლები და სიგელები გადასცა.

სპორტული ღონისძიება გორში პროექტ "საზოგადოებრივი პროკურატურის" ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საქართველოს პროკურატურა  2006 წლიდან ახორციელებს. პროექტის მიზანია დანაშაულის პრევენციის მიმართულებით პროკურატურის გააქტიურება, არასრულწლოვანთა დანაშაულებრივი გზიდან არიდება  და მათთან  მჭიდრო კავშირით მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. "საზოგადოებრივი პროკურატურის" პროექტი საქართველოს პროკურატურის 15 რეგიონულ ოფისში ხორციელდება.